ფეხბურთი

20:39 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ევროთასებზე წარმატებას რომ მიაღწიო, ბევრ რამეში უნდა გაგიმართლოს"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ჰამრუნთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მან ბევრ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, „დინამო“ არ არის ევროთასებისთვის შესაბამის დონეზე.

„ჩემ განცხადებას რაც შეეხება, მინდორზე ფეხბურთელი რომ გადის, ეგეც ჩემი ბრალია და კონცენტრაციის დაკარგვაც. ეს პირველად არ ხდება, საქართველოს ჩემპიონატშიც ხშირად გვემართება, იგივე „თელავთან“, როცა რამდენიმე წუთში დავკარგეთ ყველაფერი, ეს ჩემს გუნდს ახასიათებს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ხშირად მოსდით. მთლიანობაში, ეს ყოველთვის მთავარი მწვრთნელის ბრალია და არ მინდა პასუხისმგებლობა ფეხბურთელებზე გადადიოდეს. ხანდახან მგონია, რომ წაგების სურვილი გვაქვს. თამაშამდე კრიტიკის ქვეშ მოქცევა არ მინდა, თუ ვერ გავალთ მომდევნო ეტაპზე, კრიტიკისთვის მზად ვართ, ღირსი ვიქნებით, მაგრამ თამაშამდე არ მინდა ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოექცნენ. ვეცდები, რომ ფეხბურთელები თამაშზე მშვიდად და წნეხის გარეშე გავიდნენ.

„ასტანას“ ბარიერის დაძლევა იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ უიღბლობის გამო წავაგეთ, რადგან ორი მატჩიდან გამომდინარე ასე ვფიქრობ. ჩვენი პრიორიტეტი იყო ამ ეტაპის გავლა და ამ მარცხის მერე ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ, ამიტომ, განწყობა რთულია. მაგრამ უკვე აღარ არის მაგაზე ფიქრის დრო, წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის აქვს, რადგან უიღბლოდ დავმარცხდით. თუმცა, ვეცდებით, ეს უიღბლობა გადავლახოთ, რადგან ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო. „ჰამრუნთან“ პირველი თამაში ცუდი იყო, მაგას ვაღიარებ.

თასის თამაშის გადადება ფედერაციამ შემოგვთავაზა, „ლოკომოტივიც“ დაგვთანხმდა, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ უკეთესი იყო თამაში, რაც წაგვადგება, გავიმარჯვეთ, ცოტა ხასიათი გამოვიკეთეთ, რაც არ უნდა იყოს, გამარჯვება გამარჯვებაა და ვფიქრობ, რომ კარგი ვქენით, რომ ვითამაშეთ.

ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა დროა რაც აქ ვმუშაობ, რომ ევროთასებზე პროგნოზირებადი გუნდი გყავდეს. დღეს „დინამო“ არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზები გააკეთოს. მუშაობით და მიდგომებით ამ გუნდს მომავალი აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ რამდენიმე ეტაპს გავივლით, სათქმელად ადვილია. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს დონეს: საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ევროტურნირებზე კი ძლიერი გუნდი არ გვყავს, ეს არის ცუდი რეალობა და ნებისმიერ თამაშში საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი დავდოთ. ვისაც, როგორც უნდა ისე გაიგოს, არ ვართ ევროდონეზე. იგივე წილისყრაშიც შეგვეძლო ბევრად იოლი მეტოქე შეგვხვდროდა, ტრავმები არ გვქონოდა, ჩვენ თუ ამ ყველაფერში არ გაგვიმართლა, ისეთი გუნდი არ ვართ, რომ ამ ყველაფრის გარეშე გამარჯვებები მოვიპოვოთ, იქამდე ძალიან დიდი გზაა.

მარგველაშვილის შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი, ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი კარგი მცველია, რომელიც გამოგვადგება. არ ვამბობ, რომ შეუცვლელია და ნომერი პირველია, მაგრამ შევა კონკურენციაში. ჩვენთან ერთად შეკრება არ გაუვლია და პირდაპირ ცეცხლში შევაგდეთ. თუ რატომ ითამაშა, მარტივი ახსნა აქვს: ნაკრებიდან ფეხბურთელები გვიან დაგვიბრუნდნენ, კონკრეტულად „ასტანასთან“ მატჩისთვის არ ვიყავით ერთად. გარდა ამისა, „ასტანას“ მთავარი ძლიერი მხარე არის ჩაწოდებები, ამიტომ იყო ძირითად შემადგენლობაში, რომ მათ ჩაწოდებებს გავმკლავებოდით, რაშიც ის გამორჩეულია. ამ კომპონენტში კარგად რომ არ გვეთამაშა, შეიძლებოდა დიდი ანგარიშით წაგვეგო, რადგან ეს იყო „ასტანას“ მთელი სტრატეგია.

მოისწრაფიშვილის პოზიციაზე ძალიან დიდი არჩევანი მაქვს, მის გარდა, იქ კარგად თამაში შეუძლია იმრანს, სხირტლაძეს და რომელიც უკეთეს მდგომარეობაშია, ის თამაშობს. სხვა პოზიციებზე კი მწირი არჩევანი მაქვს. გარდა ამისა, ზოგჯერ ტრავმებიც ჰქონდა, ხან ნაკრებში იყო და ყოველთვის გიწევს არჩევანის გაკეთება. ზორან მარუშიჩს კი დრო სჭირდება, უკვე გაიტანა 7 გოლი, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია საქართველოში და თამაშიდან თამაშამდე ზორანი მოუმატებს.

გულშემატკივრის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მუხტი აქვთ, როცა რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია, ეს ადამიანები გაკეთებინებენ. ქართველებს ფეხბურთის თამაში ყველაზე მაგრად შეუძლიათ, არცერთი ერი არ არის ღმერთისგან იმ ნიჭით დაჯილდოებული, როგორც ქართველები. მერე რას ვუშვრებით ამ ნიჭს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ არმგონია, რომ ბრაზილიელი და ესპანელი ბავშვი უფრო დიდი ნიჭით იბადება. როცა ასე არ ვიფიქრებ, ალბათ, ჩემი ადგილი ფეხბურთში აღარ იქნება. უბრალოდ, ყველანი ძალიან ბევრ რაღაცას ვაკლებთ, მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, ფეხბურთში მომუშავე ადამიანებიც, ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და სად ვართ? ცოტა უფრო მეტი პროფესიონალიზმი, თანხები, მეტი მუშაობა და მონდომება გვჭირდება. ამიტომ ჯერ შორს ვართ რაღაც კარგი შედეგისგან. თორემ თუ მკითხავთ, შეგვიძლია თუ არა, ფეხბურთის თამაში, ძალიან მაგრად შეგვიძლია.

სხირტლაძემ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ბოლომდე მზად არ არის, მიკროტრავმა აქვს ტაბიძეს, კირკიტაძე ისედაც არ გვყავს. წინა თამაშის ძალიან ბევრი გამოხმაურება წავიკითხე და თითქმის ვერავინ შეამჩნია, რომ ორი მცველი ტრავმის გამო შევცვალე. ასეთ თამაშში, ასეთ დროს ორი მცველი უბრალოდ არ იცვლება თუ იძულებითი არ არის. ბევრმა ვერ გაიგო, იძულებითი იყო თუ ჩემი ჩანაფიქრები. როცა ჩემი ჩანაფიქრია, არასდროს ვმალავ, ჩემი თავის პირველი კრიტიკოსი მე ვარ და არ მახსოვს თამაში, როცა კრიტიკას არ ვიმსახურებდი, მაგრამ როცა ფეხბურთელი ტრავმირებულია, პატარა რისკიც რომ იყოს, არ გავრისკავ და ფეხბურთელის ჯანმრთელობას გავუფრთხილდები“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ და „ჰამრუნის“ მატჩი 3 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11553