ფეხბურთი

22:59 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური ბარიერის სიმძიმე: "ტორპედომ" "აქტობესთან" წააგო

9-დან 8 შემთხვევაში ევროთასებზე ყაზახურმა გუნდმა ქართული ბარიერი დაძლია და როგორც ჩანს, ეს ძალზე უარყოფითი ბალანსი გაიზრდება. ქუთაისში, „ტორპედომ“ „აქტობესთან“, რომელიც თამაშის დღეს ჩამოვიდა საქართველოში, 1:4 წააგო.

შესაბამისად, რთული სათქმელია, რა შანსი ექნება ყაზახეთში სტივ კინის გუნდს. „რამაზ შენგელიას“ ტრიბუნები გაივსო, მაგრამ „ტორპედომ“ ვერ მოახერხა პირველ ტაიმში სათამაშო ინიციატივის აღება. მეტოქე უფრო მწვავედ უტევდა, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ საგოლე მომენტები პრაქტიკულად მთელი ტაიმი არ იქმნებოდა.

34-ე წუთზე მონტეიროს შეცდომას სტუმართა შეტევა მოჰყვა, რაც პენალტით დასრულდა. საეჭვოა იყო თუ არა, თამაშის წესის დარღვევა, ლაშა შერგელაშვილმა აშკარად ბურთზე ითამაშა, მაგრამ ფაქტია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კასიმმა გოლად აქცია. კინის გუნდზე გოლმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა და ტაიმის ბოლოს მეორეც გაუშვა ამჯერად რაიჩკოვიჩისგან.

მეორე ტაიმი იმერლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა, მომენტებს ვერ ქმნიდნენ, ხოლო 73-ე წუთზე ქობულაძემ მეტოქეს ბურთი ჩააბარა და სამოროდოვმა ცარიელ კარში გაიტანა. 89-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ტექნიკურად ითამაშა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, რითაც სხვაობა შეამცირა, თუმცა, ამას არაფერი შეუცვლია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში კიდევ ერთხელ დაკარგეს ბურთი, ფილიპოვიჩმა კი სამბურთიანი სტატუსკვო აღადგინა.

ამრიგად, 4:1 ყაზახების სასარგებლოდ, რომლებმაც საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 3 აგვისტოს გაიმართება, ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

„ტორპედო“ – „აქტობე“ 1:4 (0:2)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“ (3-4-2-1): კლიაიჩი; მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია; ქობულაძე, აკბარი, გიგაური, შერგელაშვილი (კეიკე 46); არაბიძე, ბუღრიძე (ჰაიდარი 78); ფანცულაია (კაბალიერო 83)

მწვრთნელი: სტივ კინი

„აქტობე“ (3-4-3): პოკატილოვი; კასიმი, იაშინი, გადრანი (კიბარაი 71); ტანჟარიკოვი, რაიჩკოვიჩი, სტრუმია, შომკო; სამოროდოვი (უმაევი 80), ელდერი (ჟუმაბეკი 78), ბაიტანა (ფილიპოვიჩი 71)

მწვრთნელი: ანდრეი კარპოვიჩი

გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43). 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90)

გაფრთხილება: გიგაური (45), ბუღრიძე (45), არაბიძე (56) - სამოროდოვი (45), იაშინი (45), ტანჟარიკოვი (47), რაიჩკოვიჩი (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 12 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯონათან ლარდო (ბელგია)

0.131415