მილანის „ინტერი“ ანდრე ონანას შემცვლელს ეძებს, რადგან კამერუნელი მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.
იტალიურ გრანდში ონანას შემცვლელად აქამდე ყველაზე ხშირად გიორგი მამარდაშვილს ასახელებდნენ, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. როგორც იტალიური მედია წერს, „ნერაძურის“ უკრაინის ნაკრებისა და „შახტარის“ მეკარე ანატოლი ტრუბინი აინტერესებს, რომელსაც დონეცკელებთან კონტრაქტი გაისად ეწურება, ამიტომაც მისი ტრანსფერი 10-15 მილიონ ევროდ შესაძლებელია. ტრუბინი უფრო იაფი ღირს, ვიდრე გიორგი მამარდაშვილი, რომელშიც „ვალენსია“ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.
გარდა ამისა, იტალიური პრესა იმასაც წერს, რომ მილანში „ინტერის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა „ნაპოლის“ წარმომადგენლებს ალექს მერეტის თაობაზე შეხვდა და მოლაპარაკებები დაიწყეს. იტალიელი მეკარე „ნერაძურის“ პირველი ვარიანტია ონანას შესაცვლელად. ნეაპოლელთა პასუხი და მოთხოვნები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ალექს მერეტი გასულ ზაფხულს ახლოს იყო „ნაპოლის“ დატოვებასთან, მაგრამ ბოლო მომენტში მისი შემცვლელი ნეაპოლელებმა ვერ იპოვეს, საბოლოოდ კი ალექსმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და იტალიის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.