ფეხბურთი

15:55 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მე-2 ეტაპზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები ცნობილია

უეფას შტაბბინაში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები, თუ რა თქმა უნდა, ისინი პირველ წრეს დაძლევენ.

ასევე გაირკვა „დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეც, თუ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგას პირველ ეტაპზე გამოეთიშა. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში გადართვა კონფერენს ლიგაზე მოუწევს.

„დინამო ბათუმი“ ალბანური „ტირანას“ ბარიერს თუ დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ შეხვდება. პირველი მატჩი 27 ივლისს, სტამბოლში გაიმართება, საპასუხო 3 აგვისტოს ბათუმში (რასაკვირველია ბათუმელთა მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში).

ქუთაისის „ტორპედო“ თუ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სარაევოს“ დაამარცხებს, მეორე ეტაპზე ყაზახურ „აკტობეს“ გაეჯიბრება. ჯერ ქუთაისში, მერე - სტუმრად.

გორის „დილას“ „დუნაისკა სტრედას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ სტუმრად და მერე საკუთარ მოედანზე თამაში პოლტავას „ვორსკლასთან“ მოუწევს.

„დინამო თბილისი“ თუ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ დამარცხდება, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც მალტის „ჰამრუნსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შორის დამარცხებულთან ითამაშებს (პირველი მატჩი სტუმრად, მეორე - შინ).

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13-20 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 27 ივლისს და 3 აგვისტოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061059