ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველი კონრად ლაიმერი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. მიუნხენურმა გრანდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლაიმერს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.
„ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა, რადგან „ბაიერნი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. ყველაფერს გავაკეთებ კლუბისა და ფანებისთვის. „ბაიერნს“ ამბიციური მიზნები აქვს, ისევე როგორც მე, მოუთმენლად ველოდები თამაშს“, - აღნიშნა ლაიმერმა.
კონრად ლაიმერი „ლაიფციგში“ 2017 წლიდან ირჯებოდა და ამ პერიოდში 190 მატჩში თავი 15-ჯერ გამოიჩინა. მანამდე ის „ზალცბურგის“ წევრი იყო, ხოლო ავსტრიის ნაკრებში 26 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.