News

1:45 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ფინალში დრამით გავიდა, "რომამ" უპირატესობა შეინარჩუნა

ევროპა ლიგის ფინალში „სევილია“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან. ჟოზე მოურინიოს გუნდი ძალიან ახლოსაა ზედიზედ მეორე სეზონში ევროთასის მოგებასთან.

შარშან „რომამ“ კონფერენს ლიგა მოიგო, ახლა ევროპა ლიგის მოგებამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. „ჯალოროსიმ“ ერთი კვირის წინ შინ მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა ლევერკუზენში ძალიან კარგად დაიცვა, ნულოვან ფრეს მიაღწია და ფინალშიც გავიდა.

უფრო დრამატული იყო მეორე ნახევარფინალური წყვილი, სადაც ნამდვილი თრილერი შედგა. „იუვენტუსი“ და „სევილია“ ტურინში დაზავდნენ, ხოლო „სანჩეს პისხუანზე“ გულშემატკივარმა ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში იხილა.

მართალია, უხვგოლიანი მატჩი არ ყოფილა, მაგრამ იყო დაძაბულობა, შესანიშნავი მომენტები, მაღალი ტემპი, ორი კლასიკური სათამაშო სტილი და დრამა. ორივე გუნდს უამრავი საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ ორივე გუნდის მეკარე საოცრად თამაშობდა. იყო არაზუსტი დარტყმები, ორჯერ „სევილია“ სულაც ძელმა გადაარჩინა. 65-ე წუთზე „იუვე“ მაინც დაწინაურდა. დუშან ვლაჰოვიჩმა სევილიელთა დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ტურინელებზე გატანილმა გოლმა ცუდად იმოქმედა, შემდეგ ესპანელებმა გაცილებით დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მალევე გაათანაბრეს. სუსომ შორი მანძილიდან გაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლო წუთზე კი ვოიცეხ შჩესნიმ იუსეფ ენ-ნესირს საოცარი დარტყმა აუღო. დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დასაწყისში ტურინელებს ორი მომენტი ჰქონდათ. განსაკუთრებით ფედერიკო კიეზას, რომელმაც ცუდად დაარტყა და მეკარემ მოიგერია. რამდენიმე წამში კი ტურინელები დაისაჯნენ, ერიკ ლამელამ თავით გაიტანა. ეს „სევილიელთა“ ერთადერთი გააზრებული შეტევა იყო დამატებით დროში. მატჩის ბოლომდე 25 წუთი რჩებოდა, მაგრამ ეს დრო სევილიელებმა ძალიან კარგად გაიყვანეს, ბურთის მომტანებიც ეხმარებოდნენ ამაში, ფეხბურთელებიც არ აკლებდნენ. „იუვეს“ გათანაბრება მაინც შეეძლო, მაგრამ კიეზამ ხელსაყრელი ვითარებიდან საშინლად დაარტყა.

ამრიგად, „სევილიამ“ ევროპა ლიგაზე (უეფას თასზე) შვიდიდან მეშვიდე ნახევარფინალი მოიგო და ფინალშიც დაუმარცხებელია. თავის მხრივ, ფინალში დაუმარცხებელია ჟოზე მოურინიოც...

მოკლედ. 31 აგვისტოს, ბუდაპეშტში მაგარი თამაში იქნება: „რომა“ – „სევილია“.

„სევილია“ – „იუვენტუსი“ 2:1 დ.დ (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (65), 1:1 სუსო (71), 2:1 ლამელა (95)

„ლევერკუზენი“ – „რომა“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:1

0.108987