კალათბურთი

19:54 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მათი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ქართველებმა იამაყონ.

„შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გუნდი ხომ ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე.

უნდა ვეცადოთ, რომ სიამოვნება მივიღოთ ყოველი წამით, რომელსაც ამ ტურნირზე გავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს.

დღეს მეტოქეების გაანალიზება რთული საქმეა. თუმცა სლოვენიას ყველა კარგად იცნობს. ძალიან ძლიერი გუნდია ლუკა დონჩიჩითა და სხვა ვარსკვლავებით. რაც შეეხება ვენესუელას და კაბო ვერდეს, ორი რთული მატჩი გველის. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველა გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ძლიერი და ბრძოლისუნარიანია.

კაბო ვერდეს ჰყავს ედი ტავარეში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი, რომელიც მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს. კაბოვერდელთა ნაკრებში სხვა კარგი კალათბურთელებიც თამაშობენ.

ვენესუელა სწრაფი და ძლიერი გუნდია. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის. საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ვნახავთ, რას მივაღწევთ ჩვენს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირზე ყველა ადგილი უნდა განაწილდეს, ამიტომაც, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს.

თითოეული ჯგუფიდან მეორე რაუნდში ორ-ორი საუკეთესო ნაკრები გავა. შედეგად, 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო პლეი-ოფში, უფრო კონკრეტულად კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. თავის მხრივ, ის ნაკრებები, რომლებიც პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევენ, 17-32-ე ადგილებისთვის ბრძოლას დაიწყებენ და ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან.

აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063509