სხვა

21:25 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: "მეტიც შემეძლო, უბრალოდ არ დაგვჭირდა"

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატის მეშვიდედ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ტურნირი მისთვის ახალი გამოცდა იყო გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც აქაც ბევრი იყო და არ მიგრძნია, რომ სხვა ქვეყანაში მოვიგე ტიტული. მოვახერხე და შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე. ვფიქრობ, მეტის გაკეთებაც შემეძლო, უბრალოდ არ დაგვჭირდა. მინდა, მივულოცო ჩვენს ბიჭებს გამარჯვება, რომლებმაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ და კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ასევე, მადლობას ვუხდი გიორგი ასანიძეს, რადგან ძალიან ბევრს აკეთებს ძალოსნობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენს წარმატებაში“, - თქვა ტალახაძემ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემაც.

„პირველ რიგში ლაშას ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას, ტიტულის შენარჩუნებას და იმ მილიონობით გულშემატკივრის გახარებას, რომლებიც ტელევიზორიდან ქომაგობდნენ. მართალია მასპინძლებს ჩამოვრჩით და მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ ცუდად მართლაც არ გამოვსულვართ. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალოსნობის ფედერაციის მუშაობას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც მხარში გვიდგას, განსაკუთრებით, სპორტისა და კულტურის სამინისტროს. მგონი, გულშემატკივარი ელოდა ჩვენი გუნდის კარგ გამოსვლას და არცერთ დელეგაციას ამაზე ნაკლები შედეგი არ ეჩვენებინოს“, - თქვა ასანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063989