სხვა

15:50 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა სამი მედალი მოიპოვა, საბოლოო ჯამში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ატაცში გოტფრიდმა 111 კგ, 114 კგ და 117 კგ დააფიქსირა, რის შედეგადაც დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში ანასტასიამ 128 კგ, 132 კგ და 135 კგ დააფიქსირა, რითაც დისციპლინაში ვერცხლის მედალი ერგო.

ორჭიდში გოტფრიდმა 252 კგ-ით მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, საქართველოს ნაკრების წევრს მხოლოდ ბრიტანელმა ემილი კემპბელმა აჯობა, რომელმაც აკვრაში 143 კგ ასწია, ორჭიდში კი 253 კგ დააგროვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია გოტფრიდმა 6-დან 6-ვე ცდა გამოიყენა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების რიგებში მიმდინარე ევროპირველობაზე მედლები რამინ შამილიშვილმა, შოთა მიშველიძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემ, ზაზა ლომთაძემ და ანასტასია გოტფრიდმა მოიპოვეს. ტურნირი დღეს, ლაშა ტალახაძისა და ბაქარ თურმანიძის გამოსვლით დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11076