სლოვენიელი ტადეი პოგაჩარის გამარჯვებათა სერია გრძელდება. ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა ოთხშაბათს კიდევ ერთი კლასიკური რბოლა - ბელგიის ფლეშ ვალონი მოიგო. მან უახლოეს მდევარს ორი ველოსიპედის სიგრძით აჯობა და ამ სეზონში მე-12 გამარჯვების აღსანიშნად, ხელები შემართა.
მეორე ადგილი დანიელმა მატიას სკიელმოსემ დაიკავა, მესამეზე კი ესპანელი მიკელ ლანდა გავიდა. პოგაჩარმა მათთან უპირატესობას ბოლო, 1.3-კილომეტრიან აღმართზე (მურ დე ჰუი) მიაღწია, რომლის საშუალო დახრაც 17 პროცენტს აღწევს.
„ძალიან რთული იყო, ვერავინ დაგვეხმარა, ჩვენ მარტონი ვიბრძოდით გამარჯვებისთვის“, - განაცხადა 24 წლის პოგაჩარმა, ვინც ამ თვეში ფლანდრიის ტური და ამსტელ გოლდი მოიგო. კვირას კი ურთულესი რბოლა ელის ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟზე, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი რემკო ევენეპოელი იქნება.