საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ წინააღმდეგ.
ქართველი ფეხბურთელი ცალსახად საუკეთესო იყო - დუბლი შეასრულა, თანაც ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ყველაზე აქტიური გიორგი იყო, რომელსაც საგოლე მომენტიც ჰქონდა, ხოლო მე-40-ე წუთზე „ბორდო“ კაცნაკლული რომ დარჩა, მისი დამსახურებაა. სწორედ ის წააქცია საჯარიმოს გარეთ მეკარე გაეტან პუსინმა, რომელიც გააძევეს.
რიცხობრივი უპირატესობა „მეცმა“ ჩინებულად გამოიყენა: 49-ე წუთზე აბილ იალოუმ ულამაზესი გოლით მასპინძლები დააწინაურა, მერე კი მიქაუტაძის ბენეფისის ჯერი დადგა: 52-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და სხვაობა გაზარდა, 72-ე წუთზე კი რამდენიმე მცველი მოატყუა და დუბლი გაიფორმა. გიორგი 84-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება დავითაშვილს, ის თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.
„მეცმა“ ამ მოგებით 55 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და სწორედ „ბორდოს“, რომელიც ლიგა 1-ში გადასასვლელ მეორე საფეხურზეა, ერთადერთი ქულით ჩამორჩება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში „სენტ ეტიენს“ ესტუმრება, ხოლო „ბორდო“ „გრენობლს“ უმასპინძლებს.
გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 30 მატჩში 17 გოლით ლიდერობს და ორი გოლით უსწრებს ჟან-ფილიპ კრასოს, ამასთან 7-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა. დავითაშვილის აქტივში ლიგა 2-ის 22 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.