საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასკომში არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც დღეს მენდო და ჩემ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ჩემ უმთავრეს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ფეხბურთის განვითარება და უკვე უეფას აღმასკომის წევრის რანგში ვეცდები მნიშვნელოვნად შევუწყო ხელი ევროპული, შესაბამისად, ქართული ფეხბურთის განვითარებას.
აქვე მინდა მივულოცო ალექსანდრ ჩეფერინს უეფა-ს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - თქვა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესსზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.