„პერსეპოლისის“ ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ამ ფაქტს ქართველი მცველის აგენტი ლევან სეთურიძე გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, გველესიანს შეუძლია საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა და იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას.
"მინდა მივულოცო ეს დიდი აღიარება გიორგი გველესიანს, აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ინდივიდუალური ჯილდოს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. მიხარია, რომ კარიერის გარდამტეხ ეტაპზე სწორი არჩევანი გავაკეთეთ და გიორგი ქვეყნის და კონტინენტის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, ლიდერის როლს ასრულებს.
დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს ნაკრებისთვისაც შეუძლია სარგებლობის მოტანა. მე ვიცი გიორგის დამოკიდებულება მისი საქმისადმი, მისი ქვეყნისადმი და ვფიქრობ, დაიმსახურა აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია. ჩემპიონატში, სადაც ყოველწლიურად უმაღლესი დონის მოთამაშეები თამაშობენ, გიორგიმ აღიარება თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მოიპოვა“, - თქვა სეთურიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ზობ აჰანის“, „ნასაჯის“, „სეპაჰანის და „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა.