ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. გიორგიმ პრიზის მიღების შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ეროვნულ ნაკრებში მის გამოუძახებლობაზე კიდე ერთხელ ისაუბრა.
„გუშინ ირანის ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მცველის პრიზით დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნომინანტებს შორის ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის საფეხბურთო ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ ეს პრიზი მე დავიმსახურე. ეს არის დიდი მოტივაცია ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც თამაშობს, როგორც ლეგიონერი. მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მითუმეტეს, როცა არასდროს მითამაშია 17. 19, 21-წლამდე ნაკრებებშიც 1 წუთიც კი.
შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როცა დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას. თითქოს, არც ვარსებობ, თითქოს, ეროვნება არ მაქვს. მათ თვალები ფართოდ აქვთ დახუჭული და ყურები დახურული. განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, „პერსეპოლისის“ წევრი ვარ. წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს საქმეზე.
გარდა იმისა, რომ ყველა ოცნებობს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და მეც ასე ვარ, ეროვნული ნაკრების წევრობა მწვანე შუქს უნთებს ბევრ გზას და ფეხბურთელს უზარმაზარ შესაძლებლობებს უხსნის კარიერაში. შესაძლოა, ისინი ელოდნენ, რომ ტოპ 5 ლიგაში ვითამაშებდი, ვინ იცის, შეიძლება ესეც შემეძლო, რომ დამხმარებოდნენ. არც ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, არც ნაკრებში გამოძახებას ვითხოვ. უბრალოდ გავაგრძელებ მუშაობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანში და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას, მოტივაციას მაძლევდა, რომ ჩემი თავდაჯერებულობა აღმედგინა. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ ნამუშევარი დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა გველესიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (ჩემპიონატსა და თასზე) 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ზობ აჰანის“, „ნასაჯის“, „სეპაჰანის და „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა.