კალათბურთი

10:13 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი-ბითაძის დაპირისპირებაში მხოლოდ სანდრომ ითამაშა და 7 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

დღეს NBA-ში ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები, „სან ანტონიო სპურსი“ და „ორლანდო მეჯიქი“ დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.



სამწუხაროდ, „ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში არ უთამაშია გოგა ბითაძეს. სამაგიეროდ, სოლიდური სათამაშო დრო მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 21 წუთში თავი 7 ქულით, 7 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

სანდრომ 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. მისმა „სპურსმა“ მეტოქე 132:114 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სან ანტონიოს პოლონელი ახალგაზრდა ჯერემი სოხანი გახდა, რომელმაც 32 წუთში 29 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ორლანდოს მხრიდანაც ევროპელი პაოლო ბანკერო იყო საუკეთესო. მის ანგარიშზე 27 ქულა და 6 მოხსნაა.

ამ გამარჯვების შემდგომ, მამუკელაშვილის „სპურსს“ 18 მოგება და 50 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ტექსასური გუნდი 16 მარტს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება „ორლანდო მეჯიქს“, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფება, 28 მოგებითა და 41 წაგებით. ბითაძე და მისი თანაგუნდელები 17 მარტს, „ფენიქს სანსს“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119242