სხვა

22:55 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა სტენმარკის რეკორდი გაიმეორა

მიკაელა შიფრინმა დღეს თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეული რბოლა მოიგო, ლეგენდარული ინგემარ სტენმარკის რეკორდი გაიმეორა - მსოფლიო თასზე 86-ე გამარჯვება მოიპოვა. მან შვედეთის არეში, გიგანტური სლალომი მოიგო, რითაც ამ სეზონში, ბროლის მესამე გლობუსი გაინაღდა.

ამერიკულ მოთხილამურეს შანსი აქვს, შაბათის სლალომის რბოლაშივე გააუმჯობესოს ეს რეკორდი სხვათა შორის, არე ის ადგილია, სადაც შიფრინმა მსოფლიო თასზე, თავისი პირველი გამარჯვება (2012 წელს) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სტენმარკს 1970-იან და 1980-იან წლებში, თავისი 86 გამარჯვება, მხოლოდ სლალომსა და გიგანტურ სლალომში აქვს მოპოვებული. შიფრინის ანგარიშზე კი, ამ ორი ტექნიკური დისციპლინის გარდა, დაშვებაში, სუპერ-გიგანტში, კომბინაციასა და პარალელურ სლალომში მოპოვებული გამარჯვებებიცაა.

ამგვარად, შიფრინმა საიუბილეოდ, საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნა - ორშაბათს მას 28 წელი უსრულდება. გიგანტური სლალომის გარდა, მას ბროლის გლობუსები ასევე სლალომსა და აბსოლუტურ ჩათვლაში აქვს განაღდებული.

შიფრინი პირველი ცდის შემდეგ, ნახევარ წამზე მეტს უგებდა მეორე ადგილზე მყოფ კანადელ ვალერი გრენიეს. მეორე ცდაზე, საუკეთესო შედეგი იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ დააფიქსირა, რითაც საერთო ჯამში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

კვარცხლბეკის მესამე საფეხური შვედმა სარა ჰექტორმა დაიკავა, ვინც ორი ცდის ჯამში, შიფრინს 0.92 წამით ჩამორჩა.

მოკლედ, არეში მოპოვებული გამარჯვებისთვის, შიფრინმა 100 ქულა მიიღო, რითაც გიგანტური სლალომის ჩათვლაში, მიუწვდომელი გახდა. მისმა უახლოესმა კონკურენტმა, შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ პირელივე ცდა ვერ დაასრულა და უქულოდ დარჩა.

0.114209