ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, საფრანგეთის კურშეველში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა და ამ სახეობაში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი. ეს მის მიერ, მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მეშვიდე ოქროა.
ამერიკელმა პირველივე ცდაზე ხელთ იგდო ლიდერობა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მეორე ცდისთვის, ტრასის მდგომარეობა გაუარესდა, საბოლოოდ მაინც 0.12 წამით აჯობა მეორეზე გასულ იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს. ბრინჯაოს მედალი ნორვეგიელმა რაგნჰილდ მოვინკელმა მოიპოვა.
„დღეს კარგად დავინახე, რომ კინაღამ ხელიდან გავუშვი გამარჯვება. არ ვიცი, ეს როგორ გამოვხატო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გული გადაირია და გონების დაკარგვამდე ვარ. ეს დაუჯერებელია. არადა მეორე ცდაზე კინაღამ ყველაფერი დავკარგე. ვიცოდი, რომ მოსაგებად ბევრი გარჯაა საჭირო, მაგრამ ის არ ვიცოდი, თუ ამას შევძლებდი“, - განაცხადა შიფრინმა.
27 წლის ამერიკელს აქამდე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები სლალომში (ოთხჯერ), სუპერ-გიგანტსა (ერთხელ) და კომბინაციაში (ერთხელ) ჰქონდა მოპოვებული. მის გალერეას ახლა მხოლოდ დაშვების ოქრო აკლია. ეს უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია, რომლებზეც შიფრინი მედლის მოპოვებას ახერხებს. მის მონაგარში უკვე 13 მედალია. კიდევ ერთის მოპოვების შანსი მას შაბათს, სლალომში ექნება.