ბლოგი

16:45 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ და ჩვენ

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „ნაპოლი“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, შეიძლება მართლა გახდეს იტალიის ჩემპიონი და ამაში სამხრეთულ გუნდს საკუთარი კარგი თამაშის გარდა, მეტოქეთა უგერგილობაც „ეხმარება“. იტალიური ფეხბურთის ძველ ქომაგებს ყველაზე ხვიჩა კვარაცხელიას გამო კამათი არ გვიყვარს. ამას კამათსაც ვერ ვუწოდებთ, რადგან რთულია სუბიექტურ გრძნობებზე სერიოზულად იმსჯელო. ამის მიუხედავად, საქართველოში იშვიათად მეგულება იტალიური საკლუბო ფეხბურთის გურმანი, რომელ კლუბსაც არ უნდა გულშემატკივრობდეს, ვისაც კვარაცხელიას ჩემპიონობა არ გაუხარდება და მინიმუმ იმას მაინც არ იტყვის რომ „ნაპოლის“ გამარჯვება თუნდაც ქართველის ჩემპიონობად ღირდა.

ზოგადად კი, მე ვიცნობ იტალიური კლუბების ქართველ ფანებს და ერთიც კი არ იტყვის, რომ „ნაპოლი“ ესიმპათიურებოდა ან ოდესმე უგულშემატკივრია ამ გუნდისთვის. მათ შორის ვარ მეც. არ დაგავიწყდეთ, რომ დიეგო მარადონას კლუბზე ვსაუბრობთ, სადაც „ფეხბურთის ღმერთმა“ საუკეთესო სეზონები გაატარა და სრულიად დამსახურებულად უწოდეს მისი სახელი ნეაპოლის მთავარ სპორტულ არენას.

მაშ რატომ არ გვიყვარს (არ გვიყვარდა) საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ასე ძალიან? მე არ ვსაუბრობ ირაციონალურ სიძულვილზე, როდესაც მაგალითად „ინტერის“ ფანს „მილანი“ უბრალოდ ეზიზღება. ნაპოლის არსიყვარული უფრო მეტად განპირობებულია ამ კლუბისა და მისი ქომაგების ზედმეტი თავდაჯერებულობით, ხმამაღალი განცხადებით, თავხედური ქცევით და საბოლოო ჯამში გუნდის მიერ ნაჩვენები არცთუ საამაყო შედეგებით. რაც თავი გვახსოვს (თუ არ ჩავთვლით იმ დროს, როდესაც სამხრეთელები სერია „ბ“-ში ყურყუტებდნენ) „ნაპოლი“ მუდმივად ამბიციური კლუბია, მუდმივად ცდილობს ეკონკურენტოს აპენინურ გრანდებს, ყიდულობს თითქოს ძლიერ ფეხბურთელებს და უცებ აღმოაჩენ, რომ ნეაპოლელები საუკეთესო ფეხბურთელებს მთავარ კონკურენტ გუნდებში ყიდიან და ამას ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა პრეზიდენტი თუ გუნდის მფლობელი იმით ამართლებს, რომ მთელი იტალია მათი მტერია და ყველა ცდილობს საუკეთესო ფეხბურთელები წაართვას, თითქოს დიდ ფულზე ისინი კი არა, ჩვენ დავხარბებულიყავით.

ამას თან ერთვის „ნაპოლის“ ქომაგების გამომწვევი ქცევა საშინაო თუ გასვლით თამაშებში. როდესაც მაგალითად რომში, მილანი თუ ფლორენციაში „ნაპოლი“ და მისი ქომაგები ჩადიან, ყველამ იცის, რომ იქ მაინც და მაინც კარგი ამბები არ მოხდება და პოლიციაც განსაკუთრებულად ემზადება ხოლმე. განა სხვა კლუბების ტიფოზები არიან ტკბილი და ფუმფულა? მაგრამ ასე უაზროდ ცემა-ტყეპას და საზიზღარ ქცევას ჩრდილოელები ნელ-ნელა გადაეჩვივნენ და თანდათან იტალიური ფეხბურთის ტიფოზიც ცივილურობის არტახებში ექცევა, რაც ნეაპოლელებისთვის ჯერ კიდევ რთულად მისაღწევი რამაა.

მუდმივი ტრაბახი და თავმომწონება, რაც „ნაპოლის“ არამხოლოდ ქომაგებს, არამედ ფეხბურთელებს და კლუბის ხელმძღვანელობასაც კი ახასიათებს, ყოველთვის გვიშლიდა ნერვებს. ვერ ვიხსენებ სეზონს, როდესაც ნაპოლის პრეზიდენტი არ გამომხტარიყოს და არ ეთქვას, რომ ნეაპოლური გუნდი ყველაზე ძლიერია და ხან მსაჯების, ხან იღბლის და ხან პლანეტათა ერთმანეთთან ურთიერთობის ბრალია, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ვერ ხდება. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ საერთაშორისო შეთქმულებების თეორიას ავითარებდა და ამბობდა, რომ არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში საფეხბურთო მაფიამ პირი შეკრა, რომ „ნაპოლიმ“ ვერ გაიხაროს და ყველამ ამ მართლა საოცარი ქალაქის გუნდისთვის მოიცალა.

ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ იტალიური ფეხბურთის ქომაგებს „ნაპოლი“ დიდად არასოდეს გვიზიდავდა და რომ არას ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაში, ამ გუნდისკენ გული არც არასდროს მოგვიბრუნდებოდა. ახლა კი ყველა გულის ფანცქალით ველოდებით იტალიის ჩემპიონატის ყოველ მომდევნო ტურს, როდესაც ქართველი მოედანზე უნდა გამოვიდეს და ჩვენი ოცნებები გააფერადოს. ოცნებები კი იცოცხლეთ, ბევრი გვაქვს!

0.122792