2005 წელი. არგენტინა. როსარიოში ორნი კაცნი მიდიოდნენ. ვინმე სერხიო და ვინმე უგო. იდგა ზაფხული და იყო მცხუნვარება მზისა. ავტომობილებიც რაღაცნაირად უხალისოდ დაიზლაზნებოდნენ და ყველა სადმე გრილ ადგილს ეშურებოდა თავზე წყალის სასხმელად და სულის მოსაოხებლად. უგოს ხელში უგრძესი ანკესი ეჭირა, სერხიოს კი დილის სპორტული გაზეთი და ხმამაღლა უკითხავდა ძმაბიჭს ამბავს ჯეელზე, რომელსაც ანხელი ერქვა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ეთამაშებინათ „როსარიო სენტრალში“ და ვისზეც დიდ იმედებს ამყარებდა პირველ რიგში თავად სერხიო და მერე სხვა ყველა დანარჩენი. ბატონი სერხიო იყო მამა ანხელ დი მარიასი, უგო კი ბიძა, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დედიძმად რომ უხმობენ.
დიდი ამბები გადახდა თავს ძმასა ჩვენსა ანხელს. რომელ ქალაქში არ აგორა ბურთი და რომელი მწვრთნელის ლაყაფი არ ისმინა ამ დალოცვილ ევროპაში, მაგრამ რაღაცნაირად სულ მგონია, რომ მისთვის მწვრთნელთა შეგონებანი, ეს სტრატეგიულ-ტაქტიკური ნახაზები და დიდთა სტრატეგთა ტვინის ნაჟური მაინც არაფრად ღირს და ყველაფერი კონკრეტულად მაშინ ლაგდება, როდესაც მწვანე მინდორზე გადის და თანაგუნდელებს გადახედავს. განა იმას ვამბობ, რომ დი მარია მწვრთნელების ჩანაფიქრებს ვერ უგებს ალღოს და შტერია. არამც და არამც! ეს კაცი ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ფეხბურთელია ვინც კი მინახავს, მაგრამ მაინც არაა ის კაცი, გულის ფანცქალით რომ ელოდოს, რას გადაუწყვეტენ და რომელ პოზიციაზე გაამწესებენ. ასეთი ქცევა ზოგადად თავისუფალ ადამიანებს ახასიათებთ. დი მარია კი თავისუფალი იყო მაშინაც, როდესაც მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ ჭანჭიკად უპირებდნენ ქცევას, მაშინაც, როცა არგენტინის ნაკრებში ათას სისულელეს ავალებდნენ და არვ მაშინ უარყვია ზნე და ჩვევა, როცა მანჩესტერსა თუ პარიზში სხვების გაფუჭებული თამაშის გამოსწორება დაავალეს.
რაღაცნაირად სულ ისე ხდებოდა, რომ ნაკრებში თუ იმ კლუბებში, სადაც ანხელი თამაშობდა, საუკეთესო როგორც წესი სწორედ დი მარია იყო. ამას ამბობდნენ, აღიარებდნენ, ქებასაც არ იშურებდნენ, მაგრამ უპირველესებად მაინც სხვებს ასახელებდნენ და დი მარია მუდამ ვინმეს ჩრდილში რჩებოდა. იყო საკლუბო თუ სანაკრებო ტურნირები, როდესაც შეხვედრებისა თუ მთელი გათამაშების ბედს დი მარია წყვეტდა, სწორედ მისი პასით გადიოდა გადამწყვეტი გოლები ან თავად ანხელს გაჰქონდა, თუმცა როცა საქმე-საქმეზე მიდგებოდა, აი ასე, ადგებოდნენ და საუკეთესოდ სულ სხვა ვინმეს ასახელებდნენ.
ასე ხდებოდა ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთში და მსგავსი დამოკიდებულება „დაგვირგვინდა“ 2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე, როდესაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მამებმა რაღაც სასწაულებრივად მოახერხეს და კოპა ამერიკის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად მარაკანაზე ერთდერთი გოლით ბრაზილიის დამმარცხებელი ანხელ დი მარიას ნაცვლად ლეო მესი დაასახელეს. ასეთი უსამართლობების გამო ბევრი სხვა გაბრაზდებოდა, დაიბოღმებოდა, საშინელ კომენტარებს გააკეთებდა. დი მარიამ კი სულ ცალ ფეხზე დაიკიდა ეს ყველაფერი და ცხოვრება განაგრძო. მე თუ მკითხავთ, დი მარიამ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებებით შეძლო, რომ კარიერის მიწურულამდე ასე კარგად ახერხებს თამაშს და ამ კაცის ფანები დიდი მოლოდინით ველით, მის პირველ ტურინულ ტიტულებსა და აღიარებებს.
აწდასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატს და იქ დი მარიას დიდებულ გარჯას რაც შეეხება, მოდით ამაზე სხვა დროს ცალკე ვილაპარაკოთ. მწვრთნელის მიერ მიცემული შანსის გამოყენება ყველა ფეხბურთელს ასე რომ შეეძლოს, თანამედროვე ფეხბურთი დღეს ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა.