ჩოგბურთი

23:34 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ადელაიდას ტურნირი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადლაიდას ტურნირის ფინალში ამერიკელ სებასტიან კორდას 6-7(8), 7-6(3), 6-4 მოუგო და ახალი სეზონის პირველივე ტურნირის ჩემპიონი გახდა. მას წინა დღით, დანიილ მედვედევთან თამაშისას მიღებული ტრავმის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა, თუმცა მარცხის წინაშე მაინც აღმოჩნდა.

„იმედი მაქვს, ამღამინდელი შოუ მოგეწონათ. სებს და მის გუნდს, რამდენიმე სიტყვით მინდა მივმართო. შესანიშნავი ტურნირი გქონდათ, საოცარი თამაში. შემიძლია ვთქვა, რომ მოგებასთან ჩემზე ახლოს იყავი. ნთელი მომავალი გაქვს. ჰოდა, ასე გააგრძელე“, - განცხადა ჯოკოვიჩმა, ვისაც მეორე სეტში მატჩ პოინტის მოგერიება დასჭირდა.

პირველ სეტში კორდამ მეცხრე გეიმში მიაღწია ბრეიკს და 5-4 დაწინაურდა. მერე თავის მოწოდბას 40-0 იგებდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგ კი საპასუხო ბრეიკს მიაღწია და სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც უფრო სტაბილური კორდა გამოდგა. ამერიკელმა მხოლოდ მეშვიდე სეტ პოინტი აქცია ქულად და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტის წინ, სერბმა თავისი გუნდის ორ წევრს, რომლებიც წინა რიგში ისხდნენ, გასვლა აიძულა, თუმცა არც ამან უშველა - ხანგრძლივ გათამაშებებში კორდა დომინირებდა. ჯოკოვიჩმა შეძლო თამაშის გამოსწორება, მაგრამ მეორე სეტში კორდამ მატჩ პოინტს მიღწია. თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლო და სეტი ისევ ტაიბრეიკზე გადავიდა. ამჯერად, ჯოკოვიჩმა შეძლო მოგება და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტ სეტში, მეცხრე გეიმში ჯოკოვიჩმა ბრეიკი აიღო და 5-4 დაწინაურდა. თავის მოწოდბაზე კი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

მისთვის ეს ATP-ს ტურზე ერთეულებში მოპოვებული 92-ე ტიტულია, რითაც რაფაელ ნადალს გაუტოლდა. მათზე მეტი მხოლოდ ივან ლენდლს (94), როჯერ ფედერერს (103) და ჯიმი კონორსს (109) აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116149