ფეხბურთი

20:19 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„კორინთიანსს“ რონალდუს შეძენა არ გამოუვიდა და ფელიპე კოუტინიოზე გადაერთო

ბრაზილიური „კორინთიანსის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს შეძენა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და კლუბი ახლა ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობს.



დუილიო მონტეირუ ალვეშმა დაადასტურა, რომ ბრაზილიურმა კლუბმა კრიშტიანუ რონალდუს შეძენა სცადა. მისი თქმით, „კორინთიანსმა“ პორტუგალიელს ისეთივე ხელფასი შესთავაზა, როგორიც მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰქონდა, თუმცა საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზება 20-ჯერ უკეთესი იყო, ამიტომაც რონალდუმ იქ არჩია წასვლა.

„ჟორჟე მენდეშს 6-7-ჯერ ვესაუბრე და ბოლოს შეთავაზება სხვა პიროვნებას გავუგზავნე. ვიცოდი, რომ რონალდუს შეთავაზებები ევროპული კლუბებისგანაც ჰქონდა. შეთავაზება გავაგზავნე და გულში ვოცნებობდი, რომ არ დათანხმებოდა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. პარტნიორები უკვე გაფრთხილებული გვყავდა. აუცილებლად უნდა გვეცადა.“ - განაცხადა „კორინთიანსის“ პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიურ კლუბს რონალდუს ტრანსფერი არ გამოუვიდა, „ასტონ ვილას“ შემტევ ნახევარმცველზე, ფელიპე კოუტინიოზე გადაერთო.

კოუტინიოს ინგლისში ძალიან რთული სეზონი აქვს. ბრაზილელს ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, ტრავმის გამო კი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ გაემგზავრა.

„კორინთიანსი“ პრემიერლიგის კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა გუნდის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრანსფერი საკმაოდ რთულად განსახორციელებელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ „კორინთიანსი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ვერ მოახერხებს კოუტინიოს შეძენას, ბრაზილიური წესების მიხედვით მას შუა სეზონშიც შეეძლება ტრანსფერის გაჩარხვა, თუმცა შემდეგ უკვე „ასტონ ვილა“ ვეღარ მოახერხებს კოუტინიოს შემცვლელის მიყვანას, რაც ტრანსფერს უფრო მეტად ართულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114931