კალათბურთი

10:44 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იანისმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა: მილუოკიმ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

დღეს NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სანდრო მამუკელაშვილის ,,მილუოკი ბაქსმა" კი ,,ვაშინგტონ ვიზარდსი" მიიღო და იანის ანტეტოკუნმპოს კარგი თამაშის წყალობით, მეტოქე 123:113 დაამარცხა.



დასაწყისისთვის ვთქვათ, რომ ქართველ კალათბურთელს დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირებაში მას სოლიდური სათამაშო დრო მისცეს.

დღევანდელ მატჩში გამორჩეული იყო ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც მოედანზე გატარებულ 37 წუთში 55 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბერძენი კალათბურთელისთვის, ეს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. იანისმა 33 სროლიდან 20 ზუსტად გამოიყენა.

მის გარდა გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ბრუკ ლოპესმაც, რომელმაც მატჩი 21 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხებათ ვიზარდსის კალათბურთელებს, აქ საუკეთესო 22 ქულით კრისტაპს პორზინგისი იყო. 20 ქულა ჰქონდა კაილ კუზმას.

ანტეტოკუნმპოს ,,ბაქსის" ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 40 ქულა აქვს ჩაგდებული, რაც მისი პირადი რეკორდია და ფრენჩაიზის რეკორდს უთანაბრდება.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ,,მილუოკი ბაქსი" 24 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. რაც შეეხება ,,ვიზარდსს," ვაშინგტონელებს 17 მოგება და 22 მარცხი აქვთ და ამავე კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო მატჩს ,,მილუოკი ბაქსი" 5 იანვარს, ,,ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114131