ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, ავსტრიის ზემერინგში გიგანტური სლალომის ზედიზედ ორი რბოლა მოიგო და კიდევ უფრო მიუახლოვდა თავისი სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის რეკორდს.
მან ჯერ სამშაბათს 0.13 წამით აჯობა სლოვაკ პეტრა ვლჰოვას, ოთხშაბათს კი შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი 0.10 წამით დაამარცხა. ამგვარად, 27 წლის მოთხილამურეს მსოფლიო თასზე უკვე 79 გამარჯვება აქვს დაგროვილი, რაც ვონის რეკორდზე სამით ნაკლებია. ვონს ქალ მოთხილამურეთა ისტორიაში, ყველაზე მეტი, 82 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ორივეზე მეტი, 86 მოგება მხოლოდ ერთს, ლეგენდარულ შვედ ინგემარ სტენმარკს აქვს, ვინც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 86-ჯერ იდგა. შიფრინს მე-80 გამარჯვების მოპოვების შანსი ზემერინგშივე ხუთშაბათს, სლალომში ექნება.
ეს გიგანტურ სლალომში შიფრინის მე-16 გამარჯვებაა. ამ სახეობაში ყველაზე მეტი, 20 მოგება შვეიცარიელ ვრენი შნაიდერს აქვს, ვინც მსოფლიო თასის გიგანტური სლალომი 20-ჯერ მოიგო. შიფრნს ქალთა და მამაკაცთა შორის რეკორდი სლალომში ეკუთვნის - 49 მოგება.
დაკიდევ, ზემერინგში 2016 წლის შემდეგ გამართული მსოფლიო თასის ბოლო რვა რბოლიდან, შიფრინს ექვსი აქვს მოგებული.