საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Gazzetta Dello Sport-ს ესაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარა ყველაფერს აკეთებს, რომ დიდი კარიერა ჰქონდეს.
„ის ნამდვილად არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველა აკვირდება, რადგან ევოლუცია, რომელიც მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჰქონდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. ხვიჩას ყოველთვის ჰქონდა შესანიშნავი თვისებები და იტალიასაც ძალიან სწრაფად მოერგო, მაგრამ ახლა მან მოუმატა საგოლე ფაზაში და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია გარკვეული სტატისტიკა თანამედროვე ფეხბურთში.
დიახ, მქონდა იმედი, რომ იტალიაში ასე დაიწყება. თუმცა, იმით, რაც მან სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო, ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს, რაც მისგან მქონდა.
ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლი“ მისთვის იდეალური გუნდია, მაგრამ კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელისთვის გადაჭრით თქმა მაინც შეუძლებელია. უბრალოდ ვფიქრობ, სადაც არ უნდა თამაშობდეს, მთავარია, მწვრთნელის ნდობა ჰქონდეს. მას სპალეტისთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მის ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს.
კვარა ამბიციურია, მოედანზე და მის მიღმა, ამას ყოველდღე აჩვენებს ვარჯიშებსა და ცხოვრების წესში. მან სწორი ბალანსი იპოვა დიდი კარიერისთვის. ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ სურთ საუკეთესო იყვნენ, მაგრამ ხშირად არ აკეთებენ ყველაფერს საამისოდ, კვარაცხელია კი აკეთებს.
ვინ შეიძლება იყოს ახალი ქართველი ვარსკვლავი? ლუკა პარკაძე, რომელიც „ბაიერნის“ ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლის გატანა უკვე მოახერხა.