ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, შვეიცარიის სენ მორიცში გამართული სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სახელოვანი თანამემამულის, ლინდსი ვონის რეკორდს. შიფრინისთვის ეს მსოფლიო თასზე მოგებული 77-ე რბოლაა. ვონს კი სულ 82 აქვს მოგებული.
შიფრინმა ფინიშს წუთსა და 13.62 წამში მიაღწია და 0.12 წამით აჯობა მეორეზე გასულ იტალიელ ელენა კურტონის. 0.40-წამიანი ჩამორჩენით, მესამეზე ფრანგი რომანე მირადოლი გავიდა.
„ეს საუკეთესო რბოლა იყო, როგორიც შეიძლებოდა მქონოდა. არ ვიცი, უნაკლო იყო თუ არა, მაგრამ წლების განმავლობაში ვისწავლე, რომ სუპერ-გიგანტში, რბოლის უნაკლოდ ჩატარება შეუძლებელია“, - განაცხადა შიფრინმა.
შიფრინისთვის ეს მიმდინარე სეზონის ცხრა რბოლაში, მესამე გამარჯვებაა. ამერიკელს აბსოლუტურ ჩათვლაში 575 ქულა დაუგროვდა და 105 ქულით ჯობნის მეორეზე მყოფ იტალიელ სოფია გოჯას.
ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასზე, ახლა საშობაო არდადეგებია, რის შემდეგაც, მათ პირველი შეჯიბრი 27-29 დეკემბერს, ავსტრიის ზემერინგში ექნებათ.