კალათბურთი

12:01 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მეგა ოვერტაიმში დაამარცხა

მეგა-თსუ-ის დაპირისპირებაში დამატებითი დრო დაინიშნა. დაძაბულ და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება სახელმწიფო უნივერსიტეტელებს დარჩათ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მა მეგას 81:78 სძლია და მოგებ-წაგებები 4-4-ზე გაუთანაბრდა.



უნივერსიტეტელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს. ბოლო პერიოდის წინ თსუ 13 ქულით იგებდა, თუმცა მეგა ხომ ის გუნდია, ყველა მატჩში ბოლომდე რომ იბრძვის და რამდენსაც არ უნდა აგებდეს, ჩამორჩენას მაინც ამცირებს და ბოლოს მოგების შანსი უჩნდება. სხვა საქმეა, რომ ამ შანსს უმეტესად ვერ იყენებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი მეგა სუპერლიგაში გამართული 9 მატჩიდან 7-ში დამარცხდა და თითქმის ყველა შეხვედრაში მოგების რეალური შანსი ჰქონდა.

ასე იყო თსუ-თანაც. უნივერსიტეტელებმა პირველი ნახევრის 8 ქულით მოგების შემდეგ მესამე პერიოდში ტემპს უმატეს და ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბოლო პერიოდის წინ თსუ 13 ქულას იგებდა და თითქოს ყველაფერი მოთავებული ჩანდა, თუმცა ჩერქეზიშვილის სამწვრთნელო მანიპულაციებითა და მოთამაშეთა შეუპოვრობით მეგამ ზედ ბოლო წამებზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა. აღსანიშნავია ახალგაზრდა გიორგი კობახიძის ზუსტი სამქულიანები, რისი წყალობითაც მოხერხდა მეგას ბრძოლაში დაბრუნება.

ოვერტაიმის შუაწელში მეგა 4 ქულით დაწინაურდა და შეტევის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ მარქუს გილსონმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ჩააგდო და თსუ-მ კონტრშეტევით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. კარგი დაცვით უნივერსიტეტელებმა მეგას ბურთი ჩაუჭრეს და ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშა ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა – გიორგი ცინცაძემ, ბექა ბექაურმა და მიხეილ ბერიშვილმა. თსუ-მ 2-წუთიანი მონაკვეთი 8:0 მოიგო და დასრულებამდე 30 წამით ადრე 4 ქულით – 81:77 დაწინაურდა. ეს უკვე თსუ-ს გამარჯვებას ნიშნავდა. ლაფანაშვილის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა საფინალო სირენამდე იოლად შეინარჩუნა და სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა 20 ქულით, რომელმაც 7 პასი და 6 მოხსნაც მიითვალა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ბექა ბექაური, რომელმაც 16 ქულა, 12 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. 10 ქულა კორი ბოუენის ანგარიშზეა. მეგაში საუკეთესო იყო კობახიძე, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მთლიანობაში 18 ქულა, 6 მოხსნა და 2 მიითვალა. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ბულიავა, მარქუს გილსონმა 16 მოხსნა, 6 პასი და 5 ქულა მიითვალა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 21, 23 და 24 დეკემბერს გაიმართება.

GBF.GE

0.104998