ჩოგბურთის გერმანელი ვარსკვლავი, 55 წლის ბორის ბეკერი ბრიტანული ციხიდან გაათავისუფლეს. ეს ნიშნავს, რომ მას უახლოეს მომავალში, ბრიტანეთიდან დეპორტაცია ელის.
დიდი სლემის ექვსი ტიტულის მფლობელ ბეკერს, ლონდონის სასამართლომ აპრილში ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ გაკოტრების გამოცხადების შემდეგ, ასობით ათასი სტერლინგის აქტივები გადამალა.
ბრიტანული კანონის შესაბამისად, ყველა უცხოელი, ვინც კრიმინალში იქნება მხილებული და ციხეში ჩასვამენ, სასჯელის მოხდის შემდეგ, ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევების გამო, ბეკერს გერმანიის სასამართლომ 2002 წელს პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
ბეკერმა დიდი სლემის პირველი ტიტული 1985 წელს, ლონდონში მოიპოვა - უიმბლდონზე 17 წლისამ გაიმარჯვა. ის ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა და თან ისე, რომ განთესილი არ ყოფილა. შემდგომში მან უიმბლდონი კიდევ ორჯერ მოიგო.
ბეკერი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გაკოტრების პროცედურისას, აღმსრულებლებს თავისი საქორწინო ბეჭედიც კი შესთავაზა. ის დასძენს, რომ საკუთარ მრჩეველებს ზედმეტად ენდობოდა.