ფეხბურთი

18:35 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების ქომაგის 10 მცნება

განგებამ ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა. ეს მცნებები კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ 10 მცნების შესრულება სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია!

თავისი მცნებები აქვთ ყველას, ვინც კი რაიმე წესებით ცხოვრობს და ვისაც მიაჩნია, რომ ერთი დიდის და საერთოს ნაწილია. დაწესებული მცნებები უნდა შეასრულონ ჟურნალისტებმა, რომლებიც ვალდებულნი არიან სწორი ინფორმაცია გაავრცელონ და არ მოატყუონ მკითხველ-მაყურებელი. მცნებები, ანუ პირობები უნდა დაიცვან მზარეულებმა, რომლებმაც უნდა მოამზადონ გემრიელი საკვები და არ დაწამლონ ადამიანები. მცნებებს იცავენ მძღოლები, მფრინავები, მეზღვაურები და მემანქანეები, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოდ და ხარისხიანად გადაყვანაზე არიან პასუხისმგებელნი. ერთგვარი მცნებები, ანუ ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ ექიმებსაც.

და რა თქმა უნდა დაწერილი ან დაუწერელი მცნებები აქვთ ფეხბურთელებს და ქომაგებსაც. ამ შემთხვევაში კი არგენტინის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც, გამარჯვებისა თუ დამარცხების მიუხედავად, ვალდებულნი არიან შეასრულონ ის, რასაც მათგან მთელი საფეხბურთო სამყარო მოითხოვს.

მაშ ასე, არგენტინის ნაკრების ქომაგის 10 მცნება:

1. უნდა აღიარო მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიადი ფეხბურთელი, რომელსაც სახელად დიეგო მარადონა ჰქვია და არც კი უნდა იფიქრო სხვაზე.

2. არ შექმნა ლეო მესისგან კერპი, კატალონიასა და პარიზში, ან ქვეყნის დასალიერში სულ რომ სასწაულები აკეთოს. გახსოვდეს, რომ მთავარი არგენტინის ნაკრებია!

3. ტყუილად და უაზროდ არასოდეს არც აქო და არც აკრიტიკო ცალკეული ფეხბურთელი. კიდევ ერთხელ გახსოვდეს, რომ მთავარი არგენტინის ნაკრებია!

4. ყოველდღე თუ არა, შაბათ-კვირას მაინც უყურე ხოლმე არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატს და კოპა ლიბერტადორესს, რათა იცოდე, ვინ რომელ კლუბში როგორ თამაშობს და რატომ იწვევენ ნაკრებში.

5. პატივი ეცი არგენტინის საფეხბურთო წარსულს და არასოდეს დასცინო ვეტერან ფეხბურთელებს იმის გამო, რომ მათ დროს ფეხბურთის ტემპი უფრო დაბალი იყო.

6. არასოდეს აგინო მსაჯს ტყუილად. ასე მხოლოდ სუსტები იქცევიან.

7. არასოდეს უგულშემატკივრო ბრაზილიას.

8. არ მოიპარო და დაიბრალო სხვისი წარმატება. არგენტინას ეს არ სჭირდება!

9. ყველა უსამართლო ცილისწამებას მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების რწმენით უპასუხე.

10. არასოდეს შეხედო არგენტინელი ფეხბურთელის ცოლს „სხვანაირად“. ასე მხოლოდ მაურო იკარდი მოიქცა და მას ნაკრებში კი არა, ტრიბუნაზეც კი არავინ გაიკარებს!

0.121696