ფეხბურთი

15:05 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დროს ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის დროს ამერიკელი ჟურნალისტი, 49 წლის გრენტ უოლი გარდაიცვალა.

ის მედიის ზონაში ცუდად გახდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ჟურნალისტის ძმამ, ერიკ უოლმა კი სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ მისი ძმის გარდაცვალება ეჭვს იწვევს და ის მოკლეს.

„მე ვარ ერიკ უოლი, ვცხოვრობ სიეტლში და გრენტ უოლის ძმა ვარ. მე ვარ გეი და მე ვარ მიზეზი, რის გამოც მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ცისარტყელას ფერებში გაფორმებული მაისური ეცვა. ჩემი ძმა ჯანმრთელი იყო. ბოლო დღეებში მითხრა, რომ მოკვლით დაემუქრნენ. არ მგონია, რომ ის უბრალოდ გარდაიცვალა. მას ჯერ ტესტი გაუკეთეს და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. საქმეში თეთრი სახლიც ჩართულია“, - თქვა მან ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ ცისარტყელა მაისურის გამო გრენტ უოლს სტადიონზე შესვლას უკრძალავდნენ და აშშ-უელსის თამაშზე მაისურის გამო 25 წუთი არ შეუშვეს.

აღსანიშნავია, რომ გრენტ უოლი 5 დეკემბერს, სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ წერდა: „სამი კვირის განმავლობაში მცირე ხნით ძილმა, მაღალმა სტრესმა და ბევრმა მუშაობამ შეიძლება ეს ეფექტი მოახდინა. სამედიცინო ცენტრში ვიყავი, სადაც მითხრეს, რომ სავარაუდოდ, ბრონქიტი მქონდა. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ არა 100%-ით. იმედი მაქვს, რომ პოდკასტის დროს არ დავახველებ“.

გრენტის გარდაცვალებაზე ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც ჟურნალისტის კარგად იცნობდა, „ფილადელფიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ყოველთვის, როცა მისი სახელი მესმოდა, სულ ვფიქრობდი, რომ თინეიჯერი ვიყავი. ტრაგიკული დანაკარგია და სამწუხაროა ისეთის დიდი ადამიანის დაკარგვა, როგორიც ის იყო. მის ოჯახს საუკეთესოს ვუსურვებ, დაე, სამოთხეში განისვენოს“, - თქვა ლებრონმა.

აქვე გეტყვით, რომ გრენტ უოლი CBS Sports-სთვის მუშაობდა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111179