ამერიკელმ მიკაელა შიფრინმა, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ახალ სეზონში, ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო. ამჯერადაც სლალომის რბოლას ფინეთის ლევიმ უმასპინძლა. 27 წლის შიფრინმა ორი ცდის ჯამში 0.28 წამით აჯობა შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს და კარიერაში მსოფლიო თასის 76-ე გამარჯვებას მიაღწია.
ამგვარად, შიფრინი თანდათან უახლოვდება თავის სახელოვან თანაგუნდელ ლინდსი ვონის მიღწევას, რომელსაც ახლა უკვე მხოლოდ ხუთი მოგებით ჩამორჩება. ლეგენდარულ შვედ ინგემარ სტენმარკის მიღწევამდე კი, მსოფლიო თასზე 10 მოგება აკლია. ისევე როგორც პირველ რბოლაში, მესამე ადგილი ამჯერადაც სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ მოიპოვა.
„დღეს პირველი ცდის შემდეგაც არ ველოდი ამ მოგებას. ამჟამად აქ ვინც ასპარეზობს ყველა ძალიან ძლიერია და მოგება შეუძლია. ცდას იდეალურად ვერასდროს ასრულებ. მაგრამ როცა საჭირო იყო, ზუსტი ვიყავი. ცოტას კი ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველთვის, როცა კი გულისცემას ვგრძნობდი, უფრო მეტად ვაწვებოდი“, - განაცხადა შიფრინმა.