საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაროკოს ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, გარკვეული პირობებიდან გამომდინარე, არ სურს, რომ ზედმეტად ნეგატიურად იყოს განწყობილი.
თუმცა, სანიოლმა ასევე თქვა, რომ სამუშაო და რაღაცები გამოსასწორებელი აქვთ, აგრეთვე სჯერა, რომ მარტში გუნდი თავს განსხვავებულად წარმოაჩენს.
"დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.
ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო.
რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს", - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია შეწყდა, რომელიც სათავეს 2021 წლის ოქტომბრიდან იღებდა. მას შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა 11 თამაშიდან 9 მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 2023 წლის 28 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შინ ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.