კონფერენს ლიგის მეექვსე ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ჟალგირისი“ 2:1 დაამარცხა და გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი მიითვალა.
ქართველმა ფეხბურთელმა 23-ე წუთზე ალეკსანდარ ჩავრიჩს გაუკეთა ზუსტი პასი და სერბმა ფორვარდმა იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, რითაც თვითონ დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პირველი საგოლე შეტევაც მან დაიწყო და ე.წ პრეასისტიც მის აქტივშია.
ჩაკვეს გოლის გატანაც შეეძლო, რადგან 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონ შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. მან თერთმეტმეტრიანი „პანენკას“ სტილში დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მართალია, გიორგიმ თავით დაამატა და გაიტანა, მაგრამ წესებით გაცუდებული პენალტის დამატების უფლება დამრტყმელ ფეხბურთელს არ აქვს თუ მანამდე, ბურთს სხვა მოთამაშე არ შეეხება. ვთქვათ ისიც, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი შემტევის ანგარიშზე 4 საგოლე პასია. ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანმა“ ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.
ევროპა ლიგას და ზოგადად, ევროტურნირებს დაემშვიდობა გრაცის „შტურმი“, არადა, ამ ტურამდე ოთარ კიტეიშვილის გუნდი ჯგუფის ლიდერი იყო. თუმცა, ავსტრიელებმა სტუმრად დანიიურ „მიდტიულანდთან“ 0:2 წააგეს და და ჯგუფში ისე ჩარჩნენ, რომ არათუ პლეი-ოფში, კონფერენს ლიგაზეც (მესამე ადგილოსნები გადადიან) ვერ გადავიდა. კიტეიშვილმა 80 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ჯგუფში ოთხივე გუნდმა ასპარეზობა 8-8 ქულით დაასრულა, ბურთების უკეთესი ბალანსით პირველი ადგილი „ფეიენოორდს“ ერგო, მეორე „მიდტიულანდს“, მესამეზე „ლაციო“ გავიდა და იტალიელებს კონფერენს ლიგაზე თამაში მოუწევთ, ხოლო „შტურმმა“ ბოლო ადგილი დაიკავა.
ევროპა ლიგაზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ სტუმრად „მონაკოსთან“ 1:4 დამარცხდა, ირაკლი აზაროვმა კი 85-ე წუთიდან ითამაშა. სერბული გუნდი 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევროთასებს გამოეთიშა.
პოზნანის „ლეხმა“ „ვილიარეალი“ 3:0 დაამარცხა და ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში გავიდა. ნიკა კვეკვესკირმა ესპანურ კლუბთან 91-ე წუთამდე ითამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო სკამზე იყო.
ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ შინ „ფრაიბურგს“ დაუზავდა (1:1) და 8 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ევროპა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს გამოსვლას.