რაგბი

11:19 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდ 10-ში სინი ბრუნდება

14 ოქტომბერს, დიდი 10-ის მე-6 ტურში, შიდა ჩემპიონატში 9 წლის მივიწყებული „სარბიელის სინი“ ბრუნდება, რომლის დაარსება სრულად უკავშირდება რაგბის მემატიანე ზაალ გიგინეიშვილის სახელს.

„რაგბი პლატოზე“, 18 საათზე ბოლნისის ‘ყოჩები’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ შეიბმებიან და რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის გარდა, ისინი „სარბიელის სინისთვისაც“ იბრძოლებენ.

საქართველოში სინის ისტორია 1995 წელს იწყება, როდესაც, ქართული რაგბის მემატიანემ, იმხანად კი სპორტულ გაზეთ “სარბიელში”-ც მომუშავე, ზაალ გიგინეიშვილმა ზელანდიური (1902 წელს დაარსებული) “რანფერლის ფარის” პრინციპი ჩვენებურად გადმოამღერა. თავად სინი – ძველმა მორაგბემ და მოქანდაკე გია ჯაფარიძემ თითბრიდან გამოჭედა, დამზადების ხარჯი კი “სარბიელმა” გაიღო. მიზეზი მარტივი იყო – წლის ნებისმიერ დროს გარკვეულიყო საუკეთესო გუნდი და ჩემპიონატის რიგით მატჩებს მეტი ეშხიც შემატებოდა.

სინი მარტივად თამაშდებოდა: მფლობელი უნდა გამოგეწვია და გეძლია, ჯილდო რომ გადმოეცა. ეს დაშვებული იყო ჩემპიონატის გარეშეც, მაგრამ ჯილდოსთვის ცილობა მეტწილად მაინც კალენდარულ მატჩებში იმართებოდა. გაზეთმა თავად შეარჩია პირველი რკენის მონაწილენი – ‘თბილისი’ (დღეს ლოკომოტივი) და ‘გუმარი’ (1998 წელს დაიშალა), გამარჯვებული კი ‘გუმარი’ გახდა – 26:11.

თავიდან სინი არ ერგებოდათ, იმერის (დასავლეთის) გუნდებს, რადგან იმერლებს წაგებულ ჯილდოთა დაბრუნება არ სჩვეოდათ.

სინი აქამდე სულ 23-ჯერ გათამაშებულა. მიზეზთა გამო იყო წყვეტები, რეგულარულად 1995-1997 და 2005 წლებში თამაშდებოდა, თითო რკენა – 2009 და 2013 წელს მოეწყო. ბოლო გამარჯვებულია ‘ყოჩები’, რომელმაც ბოლო წუთებში 3 ლელოს დადებით ძლია ‘ლელო’ – 29:27. მას შემდეგ სინი გაქრა და ოდენ საძიებელიც კი გაგვიხდა.

2022 წელი ტრაგიკულად დაიწყო, საყოველთაო პანდემიამ ზაალ გიგინეიშვილი შეიწირა. მის საპატივცემულოდ ტრადიციის აღდგენა დავისახეთ – ქართული რაგბის ქომაგმა რამაზ უკლებამ სინი მოიძია და კავშირს დაუბრუნა, ჩვენც 2022-2023 წლის ახალი გათამაშების ‘ყოჩებსა’ – ‘ლელოს’ შორის მატჩს დავუდარაჯდით და ვაახლებთ ამ რკენაზე (14/10 რაგბი პლატო 18:00) სინის ტრადიციას, განახლებული წესებით.

სინის გათამაშების შემოკლებული წესები

1 მისთვის ცილობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირის წევრი კლუბების კაცთა პირველ გუნდს. (ამიერიდან დასავლეთის გუნდებსაც);

2 სინი გარდამავალია: მფლობელი იცავს მოცილისგან და თუ წააგო, მას იქვე, რკენის დამთავრებისთანავე გადასცემს;

3 სინი ვერავის გადაეცემა სამუდამოდ, მფლობელს სინი შესანახად დროებით გადაეცემა;

4 სინი თამაშდება ავტომატურად: შინაური პირველობის (ამჟამად დიდი 10-ის) ყოველ მატჩში, რომელშიც მონაწილეობს მფლობელი;

5 სინი არ თამაშდება:

5.1 საქართველოს უმაღლესი ლიგის (ამჟამად დიდი 10-ის) პლეი-ოფში – რათა იგი არ დაჩრდილოს;

5.2 თუ მფლობელი მონაწილეობს ევრო-ტურნირზე და უწევს მეორე შემადგენლობის გამოყვანა;

6 სინის დასაუფლებლად მოცილემ მფლობელს უნდა მოუგოს. ყველა სხვა შემთხვევაში სინი მფლობელს რჩება; სინის რკენა ნომინალურ 80-წუთაა – ფრეზე დასანიშნი დამატებითი დროის გარეშე;

7 რკენის შედეგი გინდაც შეცვალოს კავშირის სადისციპლინო კომისიამ, სინი მფლობელს უნარჩუნდება.

სინის ყველა რკენა

N თარიღი მფლობელი – მოცილე

1 28/04/1995 @ გუმარი 26:11 თბილისი

2 09/05/1995 # გუმარი 17:17 თბილისი

3 13/06/1995 გუმარი 31:13 ყოჩები

4 20/06/1995 გუმარი 31:13 თბილისი

5 25/10/1995 გუმარი 14:16 თბილისი @

6 31/10/1995 თბილისი 06:14 გუმარი @

7 11/05/1996 გუმარი 06:15 ყოჩები @

8 02/09/1996 ყოჩები 06:13 გუმარი @

9 05/10/1996 გუმარი 17:00 ქორები

10 10/10/1996 გუმარი 21:09 ყოჩები

11 18/11/1996 გუმარი 13:16 ყოჩები @

12 02/12/1996 ყოჩები 13:30 გუმარი @

13 07/06/1997 გუმარი 12:31 ყოჩები @

14 20/06/1997 ყოჩები 15:12 ქორები

15 19/07/1997 ყოჩები 21:20 გუმარი

16 14/09/2005 ყოჩები 05:45 ლოკომოტივი @

17 19/09/2005 ლოკომოტივი 13:06 ხულიგანა

18 14/10/2005 ლოკომოტივი 40:11 ხულიგანა

19 20/10/2005 ლოკომოტივი 28:11 აკადემია

20 01/12/2005 ლოკომოტივი 40:05 ხულიგანა

21 11/12/2005 ლოკომოტივი 30:06 აკადემია

22 19/09/2009 ლოკომოტივი 20:27 ლელო @

23 08/12/2013 ლელო 27:29 ყოჩები @

რკენის გამარჯვებული, @ ახალი მფლობელი

# ფრეზე სინი მფლობელს რჩება (ბალანსში მოცილეს ეთვლება წაგება)

თბილისი – ქორები – ლოკომოტივი ერთი და იგივე კლუბია

გუნდების საერთო ბალანსი

კლუბი ხანა რკენა: მ-წ

გუმარი 1995-1997 14: 9-5

ლოკომოტივი [თბილისი – ქორები] 1995-2009 14: 7-7

ყოჩები 1995-2013 11: 6-5

ლელო 2005-2013 02: 1-1

აკადემია 2005-2005 02: 0-2

ხულიგანა 2005-2005 03: 0-3

RUGBY.GE

თეგებიდიდი 10
0.119356