ფეხბურთი

16:10 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ფრანგულმა კლუბებმა კვარაცხელიაზე არ დამიჯერეს, სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა RMC Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, თავის დროზე ხვიჩა ფრანგულ კლუბებს შესთავაზა, მაგრამ მათგან პასუხად ყოველთვის უარს იღებდა.

„საქართველოში რომ ჩავედი, მართალი გითხრათ, ბევრი არაფერი ვიცოდი. ის ჯერ კიდევ 20 წლის იყო, ნაკრებშიც ყოველთვის ძირითადში ვერ ხვდებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ფეთქებადი თვისებები ჰქონდა, ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობდა და ყოველთვის წინსვლას ცდილობდა. თანამედროვე ფეხბურთში სწორედ ასეთი მოთამაშეებია მოთხოვნადი.

მეუბნებოდნენ, რომ ქართველი იყო და დასავლეთ ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირებას ვერ შეძლებდა. კვარაცხელია ორ ფრანგულ კლუბს შევთავაზე, ისიც მითხრეს, რომ მისთვის ლათინური მეტსახელი მომეფიქრებინა, რომ უკეთ მიხვედრილიყვნენ, როგორი ტიპის მოთამაშე იყო. ერთმა სპორტულმა დირექტორმა ისიც მითხრა, რომ ეს ფეხბურთელი პრეზიდენტისთვის რომ შეეთავაზებინა, სამსახურიდან გაუშვებდნენ. თუ საქმის კარგი გაკეთება გსურს, მთელ მსოფლიოს 30-40 სკაუტი გჭირდება, თუმცა, ფრანგულ კლუბებში ასე არ არის და ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს კარგავენ.

დიახ, რიბერის ჰგავს, არის განსხვავებებიც, მაგრამ უფრო ჰგავს. 21 წლის ასაკში რიბერიც ყოველთვის წინ მიიწევდა და კარში ურტყამდა, კვარაცხელიაც ასეა. კვარაცხელია იტალიაში აუმჯობესებს თამაშს, ახლა უფრო ეფექტურია, უფრო მეტ გოლს იტანს. ადრე ბევრ გოლს ვერ იტანდა, ამჟამად უკვე 6 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. ახლა მთავარია, მან თამაშში სწორი ნაზავი იპოვოს“, - თქვა სანიოლმა.

0.111124