ფეხბურთი

2:09 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მთავარი არა ჩემი და სტაფის გადაწყვეტილებები, არამედ ფეხბურთელების მიდგომაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიბრალტართან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდის მთავარი მიზანი გამარჯვებაა და მისი შეგირდები ახლა უფრო თავდაჯერებულები არიან.

"მნიშვნელოვანი საერთაშორისო თამაში გველის. აქ იმისთვის ვარ, რომ ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო, რადგან მოგება ჩვენთვის მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, გასულ მატჩთან შედარებით გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა 11 ფეხბურთელის ცვლილებას არ უნდა ელოდოთ.

არ ვიცი, ჯგუფის მოგება რამდენად ისტორიულია. ეს გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა უნდა შეაფასონ, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. ახლა კარგ ფორმაში ვართ, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ისინი არა მხოლოდ ნაკრებში, არამედ კლუბებშიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა მზად იყვნენ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. ასეთ გარემოში მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ხვალ ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის და მათ შორის, მეც, თუმცა ფეხბურთში, თითოეულ თამაშში უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები და ამ პოზიტიური სერიის გასაგრძელებლად ისევე უნდა ვიმუშაოთ, როგორც გასული 18 თვის განმავლობაში.

გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დიდ ლიგებში თამაშობენ. ეს მნიშვნელოვანია და ცვლის წარმოდგენას ქართული ფეხბურთის შესახებ. კლუბებისთვის უფრო ჩვეულია ბრაზილიელი ან არგენტინელი მოთამაშეების შეძენა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ახალგაზრდების ევროპულ ლიგებში ყოფნა, გზას გაუხსნის სხვა ქართველ მოთამაშეებს. ვფიქრობ, რომ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც უკეთეს ჩემპიონატებში შეუძლიათ თამაში და ეს კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენს საერთო დონეს.

ხელოვნურ საფარში სანერვიულო არაფერია. რთულია, თუმცა ზოგჯერ ბუნებრივი მოედანიც ცუდ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ბურთი განსხვავებულად მოძრაობს ხელოვნურ საფარზე, თუმცა ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ხვალინდელ შეხვედრაში.

ჩვენი წაუგებელი სერია კოსოვოში დაიწყო, სადაც განსხვავებული სისტემით ვითამაშეთ. ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა. აღნიშნული სისტემა პირველად გასული წლის ივნისში, ნიდერლანდებთან გამოვცადეთ, რადგან მჯეროდა, რომ სწორედ ეს სისტემაა ამ გუნდის მომავალი. ფეხბურთელებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმ ფილოსოფიასთან შესაგუებლად, რომელიც მოედანზე უნდა გადაგვეტანა. გაგვიმართლა, რომ არ გვყავდა ბევრი ტრავმირებული ბოლო 8 თვის განმავლობაში, თამაშები დიდი როტაციის გარეშე ჩავატარეთ, რამაც ახალი სისტემის დანერგვას შეუწყო ხელი. ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს წარმატებულ სერიაში. უფრო თავდაჯერებულები ვართ, გვჯერა ჩვენი სისტემის, გვჯერა საკუთარი თავის, თუმცა მთავარი არა ჩემი და სტაფის გადაწყვეტილებები, არამედ ფეხბურთელების მიდგომაა. თამაშის შემთხვევაში, გურამ კაშია ხვალ ეროვნულ ნაკრებში მეასე შეხვედრას ჩაატარებს, თუმცა ასეთი დამოკიდებულებით, კიდევ ასი მატჩის ჩატარებას შეძლებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველოს ნაკრებში ორი შესანიშნავი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის და გიორგი ლორიას სახით. მამარდაშვილმა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ივნისში, ლორიამ ოთხიდან სამი მატჩი ჩაატარა და საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვის ერქმევა პირველი მეკარე, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდე, ვინ ითამაშებს მომდევნო დღეს. მნიშვნელოვანი არ არის იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება ორი ან ექვსი თვის შემდეგ. ეს ძალიან დიდი დროა ფეხბურთისთვის. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ხვალ კარში გიორგი ლორია ჩადგება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს და პირველი ადგილი განაღდებული აქვს, თუმცა გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანია, დივიზიონში საუკეთესო შედეგის საჩვენებლად. გარდა იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს 10 მატჩია არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე) და თუ გიბრალტართან არ დამარცხდება, ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია იქნება.

0.114849