ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ასპარეზობა სამმა ქართველმა დაიწყო, საიდანაც მედლის შანსი მხოლოდ ერთ მათგანს აქვს.
92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ იაპონელი სოჰსუკე ტაკატანი 2:1 და ყაზახი ადილეტ დავლუმბაიევი 12:2 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ კამრან გასემპურთან 0:5 წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველი 6:0 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში იაპონელი ტიშიჰირო ჰასეგავასთან 2:8 წააგო, რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა.
74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სულავას პირველივე შეხვედრაში იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან დაპირისპირება მოუწია და 8:14 დამარცხდა, თავის მხრივ ჩამიზომ ნახევარფინალში წააგო, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლის შანსი სულავამ დაკარგა.