მთავარი

15:45 | 2.08.2022 | ნანახია 562 - ჯერ

ავაზას საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია იწყება

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი კერა, რომელსაც არაერთი ქართველი ფეხბურთელი აღუზრდია, მალე ახალ სიცოცხეს შეიძენს. საუბარია საფეხბურთო სკოლა "ავაზაზე", რომლის სრული რეაბილიტაციის პროცესიც იწყება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაცია „ავაზას“ სპორტული ცენტრის რეაბილიტაციას შეძლებს. „ავაზას“ ცენტრი, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი ფეხბურთელი აღუზრდია, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისის მერიის დახმარებით, სპორტული სკოლის ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცემა. როგორც იცით, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საფეხბურთო სტადიონების შენარჩუნება და მშენებლობაა, რათა უფრო მეტ ბავშვს და ფეხბურთის მოყვარულს მივცეთ ამ სპორტში ჩართვის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი პროექტები ქალაქის მუნიციპალიტეტთან და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით წარმატებით განვახორციელეთ გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოზე და ვაკეში. ასევე მიმდინარეობს საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში, სადაც მიტოვებული სტადიონის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი შენდება ადგილობრივი მცხოვრები ბავშვებისთვის. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ რეგიონებშიც. ფოთში „მალანიას“ სტადიონის ადგილზე, ახალი საფეხბურთო ცენტრი ავაშენეთ, საქართველოს ოთხ რეგიონში უკვე ფუნქციონირებს საფეხბურთო აკადემიები, ამჟამად კი ქუთაისში იმერეთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პირადად ჩემთვის, ძალიან ემოციურია ეს გადაწყვეტილება, რადგან 6 წლიდან ამ სკოლაში დავიწყე ფეხბურთზე სიარული. სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელად ჩამოყალიბება და უამრავი საფეხბურთო მოგონება მაკავშირებს მასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და პირადად კახი კალაძეს ამ არაჩვეულებრივი საქმისთვის. მიხარია, რომ ავაზას საფეხბურთო სკოლის სახით მალე ჩვენ დედაქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი ექნება."- წერს ლევან კობიაშვილი Facebook-ზე ტატო ნიკურაძე
თეგებიავაზა

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060375
სარეკლამო ადგილი - 99
X x X