მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ის იუჯინში (შტატი ორეგონი) მიმდინარეობს, მორიგი დღე წარუმატებელი გამოდგა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის. ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი იყო ნორვეგიელი კარსტენ ვარჰოლმის მარცხი.
400 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა, ივნისში რაბატის (მოროკო) ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე, ბარძაყის ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა. ფინალური გარბენის ბოლო მეტრებზე ის დაიღალა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვება კი ბრაზილიელმა ელისონ დუშ სანტუშმა მოიპოვა, რომელმაც უკან მოიტოვა ამერიკელები, რეი ბენჯამენი (ვერცხლი) და ტრევორ ბასიტი (ბრინჯაო).
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მამაკაცთა შორის 1 500 მეტრზე სირბილშიც, სადაც გამარჯვება ბრიტანელმა ჯეიკ უაითმენმა მოიპოვა. მან უკან მოიტოვა ოლიმპიური ჩემპიონი ნორვეგიიდან იაკობ ინგებრიგტსენი. გამარჯვებულის მამას, ჯეფს, ვინც მისი მწვრთნელიცაა, სტადიონის ადმინისტრაციამ სტადიონისთვის მიკროფონით მიმართვის საშუალება მისცა, მან კი ამაყად გამოაცხადა: „ეს ჩემი ბიჭია და ის მსოფლიო ჩემპიონია“!
უაითმენმა ინგებრიგტსენი ბოლო წრეზე, უკანა სწორზე ჩამოიტოვა და ფინიში 3 წუთსა და 29.23 წამში გადაკვეთა, რაც ამ სეზონში, მსოფლიოს საუკეთესო შედეგია. ნორვეგიელი ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედალი კი ესპანელმა მოჰამედ კატირმა მოიპოვა.
ბადროს ტყორცნაში, სლოვენიელმა კრისტიან ჩეჰმა ბადრო 71.13 მეტრზე გასტყორცნა და ოქროს მედალს დაეუფლა. მხოლოდ მეოთხე შედეგი ჰქონდა ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, შვედ დანიელ სტალს. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ლიეტუველებმა, მიკოლას ალეკნამ და ანდრიუს გუძიუსმა მოიპოვეს.
ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, ავსტრალიელმა ელეანორ პატერსონმა, მის კარიერაში საუკეთესო ნახტომი (2.02 მეტრი) შეასრულა, რაც ოკეანიის რეკორდია. რაც მთავარია, ამ ნახტომმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. მეორე ადგილს დასჯერდა უკრაინელი ფავორიტი იაროსლავა მიჰულჩიხი, ბრინჯაოს მედალი კი იტალიელმა ელენა ვალორტიგარამ მოიპოვა.
მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტის ფინალში გავიდნენ ამერიკელი ფავორიტები, მოქმედი ჩემპიონი ნოა ლაილზი და 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი ერიონ ნაიტონი. 100 მეტრზე სპრინტში ჩემპიონი ფრედ კერლი კი ფინალს მიღმა დარჩა.
ქალთა 200 მეტრზე სპრინტში, სამივე ნახევარფინალში შესაშური შედეგები დაფიქსირდა. შედეგად, ფინალში ვერ მოხვდა ის სამი მორბენალი, რომლებიც თავიანთი დროებით, ყველა წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდოდნენ.