ფეხბურთი

13:50 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი: "არ ვიცით, კიტეიშვილი თამაშს როდის შეძლებს"

ოთარ კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია. ამჯერად მას აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და უცნობია, როდის შეძლებს თამაშს. ამის შესახებ ავსტრიულ მედიასთან „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა განაცხადა.

„ძირითადად ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ასე რომ, შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. ოთარ კიტეიშვილი საკვანძო ფეხბურთელია, რომელიც ჯერ კიდევ ვერ თამაშობს და თითქმის ერთი წელია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა. სხვა შემთხვევაში სრულიად მზად ვართ ახალი სეზონისთვის.

ამ დროისთვის ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის დაბრუნდება კიტეიშვილი მას აქილევსის მყესთან აქვს პრობლემები და 100 პროცენტით არ შეუძლია დატვირთვების ატანა. ძნელი სათქმელია, როდის დაუბრუნდება გუნდს, მაგრამ ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - თქვა ილცერმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგა 23 ივლისს დაიწყება და „შტურმი“ ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის „დინამოს“ ან „ფენერბაჰჩეს“ შეხვდება.

ოთარ კიტეიშვილმა გასული წლის სექტემბერში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. მან ივნისში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლიც გაიტანა.

0.129784