ფეხბურთი

19:50 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სალაჰმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მერსისაიდული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ეგვიპტელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ზუსტი ხანგრძლივობა უცნობია.

სალაჰს ძველი ხელშეკრულება 2023 წელს ეწურებოდა და მხარეები დიდი ხნის განმავლობაში შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ბოლოს, ფეხბურთელის დაყოლიება მაინც მოახერხეს. შესაბამისად, სალაჰის „ლივერპულიდან“ შესაძლო წასვლაზე ჭორებს ბოლო მოეღო. მედიაში გავრცელებული ცნობით კი, სალაჰმა ახალი კონტრაქტი 2025-წლამდე გააფორმა.

„კონტრაქტის განახლებას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მომავალზე ვართ ორიენტირებული. გასულ სეზონში ახლოს ვიყავით ოთხი ტიტულის მოგებასთან და სამწუხაროდ, სეზონის ბოლო კვირაში ორი ტიტული დავკარგეთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კიდევ შეგვიძლია ყველაფრისთვის ბრძოლა, გვყავს ახალი ფეხბურთელებიც და უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ გააგრძელონ ჩვენთვის დიდი მუხტის მოცემა და ყველა ტიტულს ერთად მოვიგებთ“, - აღნიშნა 30 წლის შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და 254 მატჩში 156 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბაზელის“, „ჩელსის“, „ფიორენტინასა“ და „რომას“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098777