ფეხბურთი

1:00 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის დიდი სირცხვილი უნგრეთთან, გერმანიამ იტალია გაანადგურა

ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფში გერმანიამ იტალია და უნგრეთმა ინგლისი გაანადგურა!

პირველ რიგში ინგლისელთა საშვილიშვილო სირცხვილზე უნდა ვთქვათ, რომელმაც ვულვერჰემპტონში უნგრეთის ნაკრებთან 0:4 წააგო! ინგლისს უნგრელთა წინააღმდეგ 1962 წლის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული და 10 დღის წინ ბუდაპეშტში დამარცხდა, მაგრამ ამჯერად უკვე შინ წარმოუდგენელი მარცხი განიცადა. ინგლისის ნაკრებისთვის ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი საკუთარ მოედანზე 1928 წლის შემდეგ...

ევროპის ვიცე-ჩემპიონის განადგურების პარალელურად ევროპის ჩემპიონმა იტალიამაც არანაკლები სირცხვილი ჭამა. „სკუადრა აძურა“ მიონხენგლადბახში გერმანიას ესტუმრა პრინციპულ მეტოქეს, რომელთანაც როგორც წესი ძირითად დროში არ მარცხდებოდა ხოლმე, ყოველშემთხვევაში ძალიან დიდი ხანი და ეპიკური გამარჯვებებიც მის წინააღმდეგ არაერთხელ მოუპოვებია. რომელი ერთი გავიხსენოთ? მსოფლიოს ჩემპიონატებზე, 1970 და 2006 წლის ნახევარფინალები? 1982 წლის ფინალი თუ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი?! იტალიამ გერმანიასთან ერთი კვირის წინ შინ ფრე ითამაშა, მაგრამ ამჯერად 2:5 განადგურდა. ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, გერმანია 78-ე წუთამდე 5:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლოს ვილფრიდ ნიონტომ და ალესანდრო ბასტონიმ გაიტანეს. ნიონტო 18 წლისაა, შვეიცარიის ჩემპიონატში თამაშობს და ნაკრებში ჩატარებულ 4 მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა. მანამდე მან საგოლე პასიც მიითვალა (გერმანიასთან სადებიუტო თამაშში), მოკლედ, „აძურას“ ახალი ტალანტი ჰყავს, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდს სხვა ბევრი პრობლემა აქვს.

შედეგად, ჯგუფს 4 ტურის შემდეგ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს - უნგრეთის ნაკრები 7 ქულით. გერმანიას 6 ქულა აქვს და მეორეა, იტალია 5 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ინგლისი 2 ქულით ბოლო ადგილზეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ B დივიზიონში იტალია ან ინგლისი დაქვეითდება. მომდევნო ტურში იტალია ინგლისს უმასპინძლებს და ბოლო ადგილის ბედი ამ მატჩში გაირკვევა, ხოლო გერმანია უნგრეთს დაუხვდება და ჯგუფის გამარჯვებულის ბედი აქ უნდა გაირკვეს.

საინტერესო მატჩები გაიმართა მესამე ჯგუფშიც: ნიდერლანდები უელსს დამაჯერებლად 2:0-ს უგებდა, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა გაათანაბრეს. გარეთ ბეილმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაიტანა და გაათანაბრა, მაგრამ მემფის დეპაიმ მაინც ნიდერლანდებს მოაგებინა. ბელგიამ სტუმრად პოლონეთს 1:0 აჯობა და პირველი ადგილის შანსი შეინარჩუნა. ჯგუფს ნიდერლანდები 10 ქულით ლიდერობს, 7 ქულა აქვს ბელგიას, 4 პოლონეთს და 1 უელსს.

B დივიზიონში უკრაინის ნაკრებმა ირლანდიას ვერ მოუგო (1:1), მაგრამ ჯგუფში 7 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო შოტლანდიამ, რომელსაც 6 ქულა აქვს, სტუმრად სომხეთი 4:1 გაანადგურა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინასა და შოტლანდიას თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მესამე ჯგუფში ბოსნიამ ფინეთს 3:2 აჯობა და 8 ქულით ლიდერია, ხოლო მას კვალში მონტენეგრო 7 ქულით უდგას, რომელმაც რუმინეთის ნაკრებს გასვლაზე 3:0 მოუგო.

ჩვენთვის მნიშვნელოვან C დივიზიონის პირველ ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა ლიეტუვას 2:0 სძლია და 12 ქულით უდანაკარგო ლიდერია. უფრო მეტიც, თურქეთმა პირველი ადგილი და შესაბამისად, B დივიზიონში გადასვლა და ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაშის უფლება პრაქტიკულად უკვე გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე საბერძნეთის ნაკრებმაც ეს ოფიციალურად მოახერხა. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თუ სექტემბერში პირველ ადგილს შეინარჩუნებს, ორი მეტოქე უკვე გარკვეულია, მესამე დიდი ალბათობით ყაზახეთი იქნება.

ინგლისი - უნგრეთი 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 სალაი (16), 0:2 სალაი (70), 0:3 ნაგი (80), 0:4 გაზდაგი (89)

გერმანია - იტალია 5:2 (2:0)

გოლები: 1:0 კიმიხი (10), 2:0 გიუნდოგანი (45), 3:0 მიულერი (51), 4:0 ვერნერი (68), 5:0 ვერნერი (69), 5:1 ნიონტო (78), 5:2 ბასტონი (90)

ნიდერლანდები - უელსი 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ლანგი (17), 2:0 გაკპო (23), 2:1 ჯონსონი (26), 2:2 ბეილი (90), 3:2 დეპაი (90)

პოლონეთი - ბელგია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბატშუაი (16)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125814