ფეხბურთი

2:25 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "დღეს ზეიმი შეიძლება, მაგრამ ხვალიდან მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან გამარჯვების (5:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ახლა ფეხბურთელების ზეიმის დრო აქვთ, მაგრამ ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის უნდა მოემზადონ.

„ასეთი ფეხბურთი ვამაყობ. რა თქმა უნდა, შედეგითაც. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, რომელშიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა, მომდევნო მატჩშიც მაქსიმალურად პროფესიონალურად უნდა ვიმუშაოთ.

ბუნებრივია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი შევცვალეთ, რადგან მოკლე მონაკვეთში ბევრი მატჩი გვაქვს. კაკაბაძე უფრო დაცვითი სტილის მოთამაშეა და ფლანგზე ამიტომ დავაყენე. ლობჟანიძე კი მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება. 29 ფეხბურთელი გვყავს და ყველა მზადაა სათამაშოდ. შეცვლაზე შესული ფეხბურთელებიც კარგად ჩაერთვნენ თამაშში. ამ თამაშის ანალიზი რამდენიმე წუთში ვერ გაკეთდება. შემტევი ფეხბურთი მხოლოდ ტექნიკა და სისწრაფე არაა, მენტალიტეტიცაა. მინდა, რომ ასეთი ინტენსივობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ.

როდესაც გიბრალტარის დონის გუნდს ეთამაშები, უფრო ადვილია მაღალი პრესინგის თამაში. საქართველოში ჩემი ჩამოსვლისას ჩემი მიზანი იყო, რომ სწრაფი ფეხბურთი გვეთამაშა და დაცვაშიც მყარი ფეხბურთი გვეთამაშა. ვფიქრობ, რომ ჩვენ საკუთარ ნახევარზე პრესინგს უკეთ ვთამაშობთ და შემდეგ კონტრშეტევებზე სივრცეები გვეხსნება.

15 თვის წინ, როცა გუნდში მოვედი, უნდა გამეცნო ფეხბურთელები გარკვეულიყავი მათ შესაძლებლობებში. ამის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა ნაკრები, გამოჩნდნენ ახალი სახეებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში იყოს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა, აქამდეც იყო კარგი მატჩები, მაგალითად, შვედეთთან ორივე მატჩი, ესპანეთთან 60 წუთი, დღეს კი ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მოხდა და შრომა დაგვიფასდა. თუმცა, ფეხბურთელებმა იციან, რომ ახლა შეუძლიათ ზეიმი, მაგრამ ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის შრომა უნდა დაიწყონ.

გიორგი მიქაუტაძემ იცის, მისგან რას ველოდები და ახლა სულ სხვა ფეხბურთელია იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ. სადაც არ უნდა გადავიდეს ის, ვფიქრობ, გააჩნია იმის რესურსი და უნარი, რომ წარმატებული იყოს. ფიზიკურად ძლიერი არ არის, მაგრამ საგოლე ალღო აქვს და მჯერა, რომ „ჰალში“ და სხვა გუნდებშიც წარმატებული იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მუშაობას და შრომას გააგრძელებს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

0.115608