ჩოგბურთი

3:13 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩილიჩმა რუბლევი დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

ხორვატმა მარინ ჩილიჩმა დაძაბულ, ხუთსეტიან ბრძოლაში, 5-7, 6-3, 6-4, 3-6, 7-6 (10-2) დაამარცხა რუსი ანდრეი რუბლევი და საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მეხუთე სეტში გამარჯვებულის ვინაობა სუპერ ტაიბრეიკში გაირკვა.

ხორვატ ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირებზე ნახევარფინალში ბოლოს 2018 წელს (ავსტრალიის ღია პირველობაზე) უთამაშია. მაშინ მან ფინალსაც მიაღწია, მაგრამ როჯერ ფედერერთან დამარცხდა. რუბლევისგან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ ძლიერმა მოწოდებამ და 33-მა ეისმა(!) გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ჩილიჩმა, ვისაც 2014 წელს აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული, 71 უნებლიე შეცდომაც დაუშვა, მაგრამ მოწოდება და მძლავრი ფორჰენდი ის იარაღი აღმოჩნდა, რამაც რუბლევის წინააღმდეგობა გადაალახვინა. მისი მომდევნო მეტოქეა ნორვეგიელი კასპერ რუუდი, ვინც დანიელი ჰოლგერ რუნე 6-1, 4-6, 7-6(2), 6-3 დაამარცხა და პირველად ითამაშებს დიდი სლემის ნახევარფინალში.

პირველ სეტში რუბლევმა ერთადერთ ბრეიკს მე-11 გეიმში მიაღწია. ხორვატს ამ სეტში ერთხელაც არ ჰქონია ბრეიკის შანსი. მაგრამ მეორეს დასაწყისშივე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 2-0 დაწინაურდა. ამ სეტრის ბოლოს, რუსმა გაიბრძოლა და სამი სეტ პოინტი მოიგერია, მაგრამ ჩილიჩმა მეოთხე ეისით მოიგო და სეტებში ანგარიში გაქვითა.

რუბლევი სეტის წაგებამ კალაპოტიდან ამოაგდო ჩილიჩმა ის მძლავრი ფორჰენდებით დაბომბა და მეშვიდე გეიმში ბრეიკს მიაღწია - 4-3. მან მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და სეტებში 2-1 დაწინაურდა.

მეოთხე სეტში რუბლევი გამოცოცხლდა. ის აგრესიულად ათამაშდა, რამაც სასურველი შედეგი მერვე გეიმში მისცა - 5-3 დაწინაურდა და მალე სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში, რომელსაც 5-4 იგებდა, ჩილიჩმა მატჩ პოინტი მოიპოვა, მაგრამ მისი რელიზება ვერ შეძლო. მომდვნ გეიმში, უკვე რუბლევს ჰქონდა ბრეიკ პოინტი, მაგრამ ხორვატმა ის ეისით მოიგერია. და საქმე სუპერ ტაიბრეიკამდე მივიდა. აქ ჩილიჩმა თავის კარგ პირველ მოწოდებას, მძლავრი დაბრუნებებიც დაამატა და ეს გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ამგვარად, ჩილიჩმა დიდი სლემის ოთხივე ტურნირის ნახევარფინალს მიაღწია. რუბლევმა კი დიდი სლემის მეხუთე მეოთხედფინალი ითამაშა და მეხუთედაც კორტი წაგებულმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115077