ფეხბურთი

16:00 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ამ თაობას შეუძლია სტადიონზე მიგვიყვანოს, ისინი უფროსებს მაგალითს მოგვცემენ"

„ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე ერთა ლიგის დასაწყისსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

როგორც არველაძემ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ვრცელ წერილში აღნიშნა, ამ თაობას შეუძლია უფროსებისთვის მაგალითად ქცევა და ყველა ადამიანის სტადიონზე მიყვანა, არა მარტო ეროვნული ნაკრების, არამედ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზეც. არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდება და ძველებურად ათამაშდება.

მიხარია, რომ მოედანზეც და მოედნის მიღმაც, წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე ერთ დიდ მთლიანობად ქცევა და ერთმანეთის შევსება შეუძლიათ. იქნება ბრენდინგი, ლოგო, დროშა, გერბი თუ ჰიმნი, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გულშემატკივრის ხმას და ფეხბურთელების დამოკიდებულებებს აერთიანებდეს. რამდენიმე კვირის წინ, დინამოების თამაშის შემდეგ, მოედანზე მოზარდების შესვლა იყო ერთგვარი ახალი ხმა და გულწრფელი ამოძახილი, რაც ამ დიდი აჟიოტაჟისთვის კარგი ბიძგი აღმოჩნდა. დღეს ჩემპიონატში ხვიჩა და მისი თაობის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, ხვალ იმედი მაქვს, ჩაკვეც აქ იქნება და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი გულშემატკივრისთვის ისევ ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც ეს ერთა ლიგაზე გააკეთა. ვფიქრობ, ის ენერგია, რაც გიოს საქართველოში დახვდება საუკეთესო წახალისება იქნება მისი მოტივიციისთვის და კარიერის შემობრუნებისთვის. მათი აქ ჩამოსვლა რაღაც ახლის დასაწყისს უნდა ნიშნავდეს. ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა და ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ის ბიჭები და გოგოები არიან, ვინც სტადიონზე კონკრეტული ფეხბურთელის სიყვარულმა და გულწრფელმა ემოციამ მოიყვანა. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო ბრენდინგის ჩამოყალიბების პროცესში - წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე წასასვლელად მშობლების და უფროსების მხრიდან წახალისება აღარ სჭირდებათ, ამ თაობას აქეთ შეუძლია უფროსებისთვის მაგალითად იქცნენ და აქეთ გვატარონ, როგორც ჩემპიონატის, ისე ნაკრების თამაშებზე. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ერთად ყველას, ვინც ჩვენს ფეხბურთს აძლიერებს“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

0.147266