ჩოგბურთი

1:48 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ექვს თვეში პირველი ტიტული რომში მოიპოვა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, იტალიის ღია პირველობის ფინალში, ბერძენი სტეფანოს ციციპასი 6-0, 7-6(5) დაამარცხა და ბოლო ნახევარ წელიწადში პირველ ტიტულს დაეუფლა.

ჯოკოვიჩმა ფინალამდე ისე მიაღწია, ერთი სეტიც არ დაუთმია. ნახევარფინალში, ნორვეგელ კასპერ რუუდთან მოგება, სერბისთვის ტურზე მოპოვებული მე-1000 გამარჯვება იყო. რომის ფორო იტალიკოზე, საფრანგეთის შარშანდელი ღია პირველობის ფინალი განმეორდა და ამჯერადაც უპირატესობა სერბს ჰქონდა. ისე კი, მან ციციპასი ბოლო ექვსივე შეხვედრაში დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა თამაში მეტოქის განადგურებით დაიწყო. მან ეს სეტი მშრალად მოიგო. მეორე სეტის პირველ სამ გეიმში თანაბარი თამაში იყო. მეოთხეში კი სერბმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ორი ბრეიკ პოინტი აჩუქა. ციციპასმა პირველივე შანსი გამოიყენა და 3-1 დაწინაურდა.

მომდევნო გეიმში ციციპასმა უკვე საკუთარი გეიმიც მოიგო და ანგარიში 4-1-მდე გაზარდა. თითქოს, ბერძენმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ ჯოკოვიჩი არ გატყდა, მომდევნო შვიდიდან ხუთი გეიმი მოიგო და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მეტოქეს კიდევ ერთი შანსი აღარ დაუტოვა.

ჯოკოვიჩი მეექვსედ გახდა იტალიის ღია პირველობის ჩემპიონი. და მან პარიზის შარშანდელი მასტერსის შემდეგ (ნოემბერში), პირელი ტურნირი მოიგო. რაც მთავარია, პროფესიონალური ჩოგბურთის ისტორიაში, მეხუთე ჩოგბურთელია, ვინც ტურზე 1000 შეხვედრის მოგება შეძლო. ამ ხუთეულში მას დახვდნენ ამერიკელი ჯიმი კონორსი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ჩეხი ივან ლენდლი და ესპანელი რაფაელ ნადალი.

0.117672