„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
პოგბას „იუნაიტედთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბს 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. წყაროს თანახმად, „სიტი“ უარს იტყვის „ვესტ ჰემიდან“ დეკლან რაისის შეძენაზე, რომელსაც ლონდონელები 100 მილიონ ევროდ აფასებენ და აქცენტს პოგბაზე გააკეთებს, რომლის დამატება უფასოდ შეეძლება.
პეპ გვარდიოლას გუნდი ზაფხულში ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფერნანდინიოს შეცვლას გეგმავს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს „სიტის“ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერმა“ 2016 წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ დაიმატა. ფრანგმა „ოლდ ტრაფორდზე“ 6 სეზონი გაატარა, თუმცა ის მოლოდინი, რომელიც მის მიმართ იყო, ვერ გაამართლა.