ფეხბურთი

19:00 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინის უზუსტესი გათვლა: "ბეტისიდან" ხუთივე პენალტი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს

ესპანეთის თასის ფინალში სევილიის „ბეტისმა“ „ვალენსია“ პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და ეს ტიტული 2005 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ მოიგო.

როგორც იცით, „ვალენსიას“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მეორე ტაიმში სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი და მისი დამსახურება იყო, რომ „ღამურებმა“ ძირითად დროში არ წააგეს.

თუმცა, გიორგი პენალტების სერიაში უკვე ვეღარაფერს გახდა და ყველა დარტყმა გაუშვა. ის ახლოს იყო მეორე დარტყმა მოეგერიებინა, როდესაც ხოაკინის შესრულებულ პენალტს შეეხო კიდეც.

საინტერესოა ერთი დეტალი: „ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ 5 ცვლილება გააკეთა და ყველა პენალტი იმ ფეხბურთელებმა შეასრულეს, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ. ვილიან ჟოზე, ხოაკინი, ანდრეს გუარდადო, კრისტიან ტელო და ხუან მირანდა - მათ მოახერხეს პენალტების გატანა.

როგორც ჩანს, მანუელ პელეგრინის წინასწარ ზუსტად ჰქონდა დაგეგმილი და ბევრიც ჰქონდა ნამუშევარი თერთმეტმეტრიანების სერიაზე. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ხუთივე ფეხბურთელმა პენალტები ძალიან დამაჯერებლად შეასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113576