„მანჩესტერ იუნაიტედში“ ზაფხულში რევოლუციური ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც მორიგი ჩაგდებული სეზონის შემდეგ სრულიად ლოგიკური იქნება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ რალფ რანგნიკი მენეჯმენტში გადაინაცვლებს, ხოლო მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნება. თუმცა, ძირეული ცვლილებები იგეგმება შემადგენლობაშიც.
„მნიშვნელოვანი იქნება ახალი მწვრთნელის დროული გადაწყვეტილებები, რათა სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშაოს. მე უკვე მონიშნული მაქვს რამდენიმე ფეხბურთელის სახელი, რომლებიც გუნდისთვის ფუნქციონალური იქნებიან, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ რამდენიმე ტრანსფერი საკმარისი იარ იქნება. ჩვენ ვიყიდით, ხუთ ან მეტ მოთამაშეს, შესაძლოა, ათიც“, - თქვა რანგნიკმა.
უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს. მათ შორის, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, პოლ პოგბა და ედინსონ კავანი. გარდა ამისა, გუნდიდან წავლენ ნემანია მატიჩი და დინ ჰენდერსონი. ყურადსაღებია კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობაც, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, თუმცა, მისი მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ერიკ ტენ ჰაგის პროექტში სავარაუდოდ, მისი ადგილი არ იქნება.
ვინ იქნებიან ახალწვეულები? „მანჩესტერი“ სატრანსფერო ბაზარზე გონივრულად მუშაობს აპირებს. სიაში არიან ანტონიო რიუდიგერი და იურიენ ტიმბერი დაცვის ხაზში, ნახევარმცველები კალვინ ფილიპსი და კრისტოფერ ნკუნკუ, ასევე თავდამსხმელები ვიქტორ ოსიმენი, დარვინ ნუნიესი, პაულო დიბალა და ანტონი.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასის გათამაშებებს საწყის სტადიებზე გამოეთიშა, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა, ხოლო პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ძალიან სათუოა. „წითელი ეშმაკების“ ურთულეს სეზონზე „ლივერპულთან“ პრემიერლიგაში ჩატარებული ამ სეზონის მატჩების შედეგები ალბათ ყველაზე კარგად მეტყველებს - 0:5 და 0:4...