სხვა

14:00 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის ფედერაციის განცხადება ანასტასია გოტფრიდის საკითხზე

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ანასტასია გოტფრიდის საკითხზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გოტფრიდის გარეშე იასპარეზებს.

აღნიშნულ თემაზე ძალოსნობის ფედერაციამ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ გოტფრიდი არის საქართველოს მოქალაქე, მას აქვს საქართველოს პასპორტი, მისი გამარჯვების შემთხვევაში აღიმართება საქართველოს დროშა და ჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

გოტფრიდი სიუჟეტში მოხსენიებულია უკრაინელ სპორტსმენად და ისეა გადმოცემული, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომში მყოფ უკრაინელ სპორტსმენს და საომარ მოქმედებებში ჩართულ მის მეუღლეს ფედერაცია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს და მათ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

ჩვენი ფედერაცია ყოველთვის ღიად გამოხატავდა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას როგორც პირად საუბრებში უკრაინელ კოლეგებთან, ისე ტელეეთერებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის ძალოსნობის ფედერაციასთან და მათ მხარში ვუდგავართ ისე, როგორც თავად გვთხოვენ. არაერთხელ დავგმეთ რუსული აგრესია, თუმცა ანასტასია გოტფრიდთან დაკავშირებით ტელეეთერით ყველაფერი სხვაგვარად წარმოჩინდა.

ანასტასია გოტრფიდმა, ისევე როგორც სხვა ძალოსნებმა, რეგულარულად უნდა აბარონ ანტიდოპინგ ტესტები. წელს საქართველოს ნაკრების წევრებმა უკვე 30-მდე ანტიდოპინგ ტესტი ჩააბარეს, რომელთა შორის ზოგი დაგეგმილი იყო, მეტი წილი კი მოულოდნელი.

გასაგები მიზეზების გამო უკრაინაში ეს ტესტები ვერ ჩატარდებოდა და იმის ახსნა, თუ რატომ არის საჭირო ტესტი დაგეგმილი, თუ მოულოდნელობის ეფექტით, შორს წაგვიყვანს. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოში მიდის ბრძოლა ანტიდოპინგის წინააღმდეგ, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის ძალოსნობა და საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი დოპინგ სკანდალი შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. საფრთხის ქვეშ შესაძლოა მთელი ფედერაცია და მისი ყველა წევრი სპორტსმენი აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია და ეროვნული ფედერაციაც ძალიან კრიზისულ მდგომარეობაშია. დგას ძალოსნობის, როგორც ოლიმპიური სახეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩვენი ფედერაცია კი 2012-13 წლების შემთხვევათა სიმრავლის გამო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა. ასე რომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

ანასტასია ხშირად იმეორებს, რომ ანტიდოპინგ ტესტის ჩასაბარებლად დრო კიდევ აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი დრო. ერთი ან ორი ტესტი საკმარისი რომ იყოს, მაშინ ნაკრების წევრებს 30-მდე ტესტი არ ექნებოდათ ჩაბარებული. ტესტირება უნდა იყოს ტაქტიკურად გათვლილი და ხშირად მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს. ანასტასიას კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი ანტიდოპინგ-ტესტი არ გაუვლია.

სიუჟეტში ანასტასიას მხრიდან რამდენიმე ცრუ ბრალდება გაისმა, მათ შორის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ნაკრებში რომ უნდა ჩამოსულიყო დეკემბრიდან იყო ინფორმირებული და მოთხოვნილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. თავდაპირველად ჩამოსვლა 17 თებერვლამდე გადადო და საქართველოს ნაცვლად კონფლიქტის ზონაში, დონეცკის ოლქში წავიდა და ანტიდოპინგურ განაცხადშიც ადგილი შეცდომით მიუთითა, რაც დაუშვებელია. მოგვიანებით თარიღი 10 მარტამდე გადადო.

მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში ომიც დაიწყო და გოტფრიდის უკრაინიდან გამოყვანაში ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო და საქართველოს საელჩო უკრაინაში. მას ბევრჯერ დაუკავშირდნენ და შვილთან ერთად გამოყვანა შესთავაზეს, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღეს და საბოლოოდ ზარებსაც აღარ პასუხობდა.

კიდევ ერთი ცრუ ბრალდება უკავშირდება იმას, რომ არ შეიყვანეს ევროპის ჩემპიონატის განაცხადში. ის, რომ ანასტასია განაცხადში თავიდანვე შეყვანილი იყო, ვადასტურებთ ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადით. ეს განაცხადი კეთდება ორი თვით ადრე.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია და ეთიკის კომიტეტი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. მას შემდეგ, რაც სრული მოკვლევა დასრულდება ფედერაცია განცხადებასაც გააკეთებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გოტრფიდი საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობდა და ორჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109652