რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, რომლის მიხედვით ის საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგება.
ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუის ვან გაალი ათამაშებს, მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ნაკრებში კუმანი დაბრუნდება, რომელიც „ნარინჯისფრებს“ 2018-2020 წლებში უკვე ავარჯიშებდა, მაგრამ „ბარსელონას“ წინადადების გამო ეროვნული გუნდიდან წავიდა.
„მოუთმენლად ველოდები ახალი თანამშრომლობის დაწყებას, წელიწადნახევრის წინ სამსახურიდან უკმაყოფილების გამო არ წავსულვარ, შედეგები კარგი იყო და დარწმუნებული ვარ, მალე ამ გზას გავაგრძელებთ“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი ბოლოს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი იყო. მას ასევე უმუშავია „ვალენსიაში“, „აიაქსში“, „ბენფიკაში“, „ვიტესში“, პსვ ეინდჰოვენში, „ალმაარში“, „ფეიენოორდში“, „საუთჰემპტონსა“ და „ევერტონში“. ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის A ჯგუფში კატართან, სენეგალთან და ეკვადორთან ერთად ითამაშებს.